ცამეტსართულიანი მღვიმური კომპლექსი დაცული ტერიტორიაა. ის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათთან, შაბათღელის ხეობაში, ზღვის დონიდან 260-340 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
მღვიმის პირველი სართული ვიწრო ხვრელია, რომელშიც მდინარე შაბათღელე გაედინება. მეორე სართულზე ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთია. მეოთხე სართულის ზევით, უწყლო მღვიმეებში აღმოჩენილია შუა პალეოლითის ხანის ქვის იარაღები და განამარხებული ცხოველების ძვლები.
მეხუთე სართულზე, ბრინჯაოს მღვიმეში აღმოჩენილი ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომლის ასაკი, დაახლოებით, 50 000 წელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ცუცხვათის მღვიმეში უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებებია აღბეჭდილი.
მღვიმის მეცხრე სართულზე მღვიმური დათვისა და მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველების ძვლებს მიაკვლიეს. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (7-9 სართულები) ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს ატარებს - შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები.
ცუცხვათის მღვიმოვანის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ აქ, ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად, გამოვლინდა ჰომო საპიენსისათვის დამახასიათებელი ზედა პალეოლითური, 80000-12000 წლის წინანდელი ფენები.