KA

ტყიბული

ტყიბული საქართველოში ქვანახშირის მოპოვების მთავარი ადგილია. მას დღემდე ეძახიან მეშახტეთა ქალაქს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აგრეთვე, მოიპოვება: ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი და სხვა წიაღისეული; ასევე მოედინება მინერალური წყალი, განვითარებულია ჩაის კულტურა, მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტია სიმინდი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:10 სთ
ბათუმი
3:25 სთ
ქუთაისი
0:50 სთ

სად მდებარეობს ტყიბული

ტყიბული იმერეთისა და რაჭის საზღვარზე, ზღვის დონიდან 600-700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქი მდინარე ტყიბულას ორივე ნაპირზეა გაშენებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კი, ტყეებით დაფარულ მთაგორიან რელიეფზე, სხვა მდინარეებიც მოედინება: ლეხიდარი, ძუსა, მაღარა, ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა, რომლებიც პატარ-პატარა ხეობებსა და ჩანჩქერებს ქმნის. 

ტყიბულის ისტორია

ნაქერალას ქედის ფერდობებზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში აღმოჩენილი ნასახლარები, ბრინჯაოს იარაღის საწარმოები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა მოწმობს, რომ დღევანდელი ტყიბულის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. 

ისტორიულ წყაროებში ტყიბული პირველად 1259 წლის ძეგლებში გვხვდება. 1825 წელს აქ აღმოაჩინეს ქვანახშირის საბადო, 1846 წელს წიაღისეულის მოპოვება დაიწყო და ტყიბული ერთ-ერთი სამრეწველო ქალაქი გახდა. 

რას ნახავ ტყიბულში

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ქართული კულტურისა და ხუროთმოძღვრების უნიკალური, შუა საუკუნეების გელათის მონასტერი - იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი.

ტყეში ჩაფლული მთის კალთებზე დგას გალავნით გარშემორტყმული მოწამეთას ადრეული შუა საუკუნეების მონასტერი, სადაც ქართველი წმინდანები, ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები არიან დაკრძალულნი. 

ტყიბული და მისი შემოგარენი აღმოჩენა იქნება ჰაიკინგის მოყვარულებისთვის: მუხურას ჩანჩქერი, წყალწითელას ხეობა, ცუცხვათის მღვიმე, ტყიბულის წყალსაცავი. ულამაზესი სანახაობაა ნაქერალას ქედი. ულამაზესი ხედების გარდა, აქ საკემპინგე ადგილებიცაა, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილე და სიმშვიდეა.  

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები - ცხრაჯვარი, საწირე და კურსები. ცხრაჯვარში სალოცავიცაა, კისორეთსა და ჯონიაში - წმინდა გიორგის, კურსებში კი - ზენობნის ეკლესიები. 

რაიონულ ცენტრში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა