KA
Old and New Shuamta

ძველი და ახალი შუამთა

ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი - ძველი და ახალი შუამთა კახეთში, თელავიდან 7 კმ-ში, ცივ-გომბორის მთის კალთაზე, მაღალ მთებს შუა მოქცეულ ვაკეზეა აგებული და სახელიც აქედან მიიღო - შუა მთა. 
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

ისტორია

ძველი შუამთის კომპლექსი სამ ეკლესიას მოიცავს: სამნავიან ბაზილიკას (V ს.), მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვან ეკლესიას (VII ს.) და მცირე გუმბათოვან ეკლესიას (VII ს.); 

XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა და ამავე საუკუნის 40-იან წლებში, მახლობლად (2 კმ. მოშორებით), აიგო ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. მონასტრის აგებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლევან კახთა მეფის (იმეფა 1520-1574 წწ.) მეუღლეს, თინათინ დედოფალს. 

შეუღლების შემდეგ დედოფალმა ცოტა ხანს იცხოვრა ქმრის გვერდით - გადმოცემის თანახმად, მეფეს ღალატი არ აპატია და განქორწინება მოსთხოვა, განქორწინების შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა ახალი შუამთის მონასტერში და იქვე გარდაიცვალა 1591 წელს. დედოფალი, მისი ანდერძის თანახმად, მონასტრის მთავარ ეკლესიაშია დაკრძალული. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კედელზე შეგიძლია იხილო სამეფო ოჯახის - თინათინ დედოფლის, ლევან მეფისა და უფლისწულ გიორგის გამოსახულებები. 

ამ ტაძარშივე განისვენებს XIX საუკუნის ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ჭავჭავაძე. 

სამონასტრო ანსამბლი დღეს

მონასტერს ყოველთვის დიდძალი განძი ჰქონდა, რომელსაც ქართველი მეფეები და ფეოდალები სწირავდნენ, მაგრამ ახალი შუამთის უმთავრესი სიწმინდე ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი იყო. ის დედოფალს მამამ - მამია გურიელმა აჩუქა. ხატი ოქროთია მოჭედილი და ძვირფასი თვლებით არის გაწყობილი. ხახულის ძველი ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული, ეკლესიაში კი მის ზუსტ ასლს ნახავ - ხახულის ღვთისმშობლის ახალ ხატს, რომელიც 2005 წელს შეიქმნა. 

ამჟამად მონასტრის სხვა საგანძური, მათ შორის მდიდარი ბიბლიოთეკა, საქართველოს მუზეუმებში ინახება.

1926 წლის 10 ივლისს კომუნისტურმა მთავრობამ მონასტერი დახურა. 

მხოლოდ 1989 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა შუამთაში სამონასტრო ცხოვრება. აქ დღეს დედათა და მამათა მონასტრები ფუნქციონირებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა