წყალსაცავის მთავარი მკვებავი წყარო მდინარე ხრამია და მას ხრამის წყალსაცავსაც უწოდებენ. წალკის წყალსაცავი მდიდარია თევზით და სწორედ ამიტომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისთვის იდეალური ადგილია.
წალკის წყალსაცავში შეხვდები: კობრს (Cyprinus carpio), გველთევზას (Anguilla anguilla), ლოქოს (Silurus glanis), ხრამულს (Varicorhinus capoeta), ქორჭილას (Perca fluviatilis) და სხვა. აქ ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მდინარის კალმახიც (Salmo trutta fario);
წყალსაცავის რაიონში მკაცრი კლიმატია. წყალი ყველაზე ცივი თებერვალშია (0,2°C) და ყველაზე თბილი - აგვისტოში (18,7°C). ზამთარში კი წყალი იყინება და თებერვალში ზოგჯერ ყინულის სისქე 80 სმ-ს აღწევს.
წალკის წყალსაცავი ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესოა - მის ქვეშ მოქცეულია X-XV საუკუნეების დასახლების ნაშთი, რომელიც წყლის დონის დაწევისას ჩანს.
წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1,6 კმ-ში გაშენებულია ქალაქი წალკა, ახლომახლო არის სოფლები და გადის გზებიც. რამდენიმე კილომეტრში კი ხადიკისა და სანთის ულამაზესი ტბებია.