ძეგლზე არსებული წარწერებიდან ირკვევა, რომ ტაძარი XIII საუკუნეში მეფე გიორგი IV-ის, იგივე ლაშა-გიორგის, მმართველობისას აუგიათ.
ეკლესიას ლამაზი პროპორციები და მორთულობა აქვს.
ტაძარი მოპირკეთებულია ბუნებრივად ოქროსფერი, მუქი მეწამული, ლურჯი ქვებით და უხვად არის გაფორმებული დეკორატიული სამკაულებით.
ულამაზესია გუმბათის მაღალი და ვიწრო ყელი - მსგავსს საქართველოში ვერსად ნახავ. გუმბათში ათი სარკმელია გაჭრილი და სარკმლის ჩარჩოები ჩუქურთმებით არის შემკული.
ინტერიერის მოხატულობიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. გუმბათის ყელის დამაგვირგვინებელ ნახევარსფეროში რელიეფური ჯვარია გამოსახული, რომელიც სარკმლებიდან შემოსული სინათლის ფონზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს.
ტაძრის ეზოდან ბუნების ულამაზესი ხედები იშლება. ახლოს მოსახლეობა არ არის, თუმცა, როცა სამრეკლოზე ზარების რეკვას იწყებენ, მათი ხმა გაშლილ სივრცეს ავსებს და კილომეტრების იქითაც ისმის.
თუ ამ ადგილას მოხვდები, განმაცვიფრებელი შთაბეჭდილებები და დაუვიწყარი ემოციები შენი თავგადასავლის ნაწილი გახდება.