KA
Chiatura Regional Museum

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ჭიათურა თავისი ლანდშაფტით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. როდესაც აქ ჩამოხვალ, ვერტიკალურ კლდეებზე გაშენებულ ქალაქზე იფიქრებ რომ საბაგიროების აბლაბუდაშია გახვეული. საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, ჭიათურაც უძველესი დასახლებაა, რასაც ადგილობრივ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენილი არტეფაქტებიც მოწმობს. ჭიათურასთან ასევე ძალიან ახლოსაა ძუძუნას მღვიმეც, სადაც მსოფლიოში უძველესი ქსოვილის არტეფაქტებია აღმოჩენილი.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ჭიათურა

რას ნახავ ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?

უძველესი ექსპონატები, რომლებიც მუზეუმშია დაცული, ძვ.წ. III ათასწლეულითაა დათარიღებული. ესენია: ბრინჯაოს ცულები, შუბის პირები, ქინძისთავები, მძივები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები. 

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც 1962 წელს დაარსდა, ადგილობრივი მხატვრების ფერწერული ტილოებიცაა წარმოდგენილი. ცალკეა გამოფენილი ისტორიული ფოტოკადრები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

სულ, მუზეუმში 14 000-მდე ექსპონატია დაცული. 

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმართება გამოფენები: „არქეოლოგიური გათხრები ჭიათურის რაიონში“, „ქალი და სამკაული“, „ფესვები“ და სხვა.

თავად მუზეუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ჭიათურის ცენტრალურ უბანში, თხელიძის ქუჩის #5-ში მდებარეობს.

ამავე შენობაშია განთავსებული ჭიათურის ფოტოგრაფიის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია როგორც უნიკალური ფოტომასალა, ისე ის ფოტოაპარატები, რომლებითაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის განვითარება კადრებში აღიბეჭდებოდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა