KA
Chiatura Photography Museum

ჭიათურის ფოტოგრაფიის მუზეუმი

ინდუსტრიული ქალაქი ჭიათურა, რომელიც ვერტიკალურ კლდეებსა და მდინარე ყვირილის კალაპოტშია გაშენებული, ძვირფასი წიაღისეულით – მანგანუმითაა ცნობილი.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ჭიათურა

ჭიათურის ფოტოგრაფიის მუზეუმის შექმნის ისტორია

ქალაქის განვითარების ისტორია თანამედროვე ფოტოგრაფმა ლადო მუმლაძემ საარქივო ფოტომასალებში აღმოაჩინა. მან გამოიკვლია მდიდარი ფოტოარქივის ავტორები, გაიცნო მათი შთამომავლები, მოძებნა თავისი კოლეგები, ვინც დღეს ფოტოხელოვნებას მისდევენ და ქალაქის ცხოვრების მნიშვნელოვანი ექსპონატების შეგროვება დაიწყო.   

შედეგად, 2017 წლის 25 მაისს - ქართული ფოტოგრაფიის დღეს - ლადო მუმლაძემ ჭიათურის ფოტოგრაფიის მუზეუმი დააარსა. 

რას ნახავ მუზეუმში?

ჭიათურის ფოტოგრაფიის მუზეუმი ქალაქის ისტორიის ცალკე აღებული ხაზია. აქ წარმოდგენილია როგორც უნიკალური ფოტომასალა, ისე ის ფოტოაპარატები, რომლებითაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის განვითარება კადრებში აღიბეჭდებოდა. აქვეა გამოფენილი ძველი კინოპროექტორები და სხვა უამრავი ფოტოატრიბუტი. 

მუზეუმის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს არის მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც არა მარტო ექსპონატები გამოიფინება, არამედ ახალგაზრდა თაობას ფოტოხელოვნების შესწავლის შესაძლებლობაც ეძლევა. აქვე იმართება ფოტოკონკურსები მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის.  

ჭიათურის ფოტოგრაფიის მუზეუმი რეგიონში ხელოვნების ამ დარგის განვითარებას უწყობს ხელს. 

ფოტოგრაფიის მუზეუმი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობაშია განთავსებული და თხელიძის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა