ისტორიულ შენობაში შესვლისთანავე სხვა სამყაროში მოხვდები, სადაც აქაური მასპინძლები, მეგრელი დადიანებისა და ფრანგი მიურატების შთამომავლები, საინტერესო მეგზურობას გაგიწევენ. საქმე ის გახლავს, რომ სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის ქალიშვილი, სალომე დადიანი ცოლად გაჰყვა პრინც აშილ მიურატს, ნაპოლეონის დის, კაროლინას შვილიშვილს. რეზიდენციაში სალომესა და აშილის შვილიშვილი, 75 წლის პრინცი ალანი და მისი მეუღლე, პრინცესა ვერონიკა გიმასპინძლებენ, რომლებიც ჭკადუაშში 2014 წლიდან ცხოვრობენ.
აქ, შენ თვალწინ, საინტერესო ამბები გაცოცხლდება.
მუზეუმში ნახავ XVIII საუკუნის ნივთებს, რომლებიც ალან მიურატს მემკვიდრეობით ერგო: ნაპოლეონ III-ის მაგიდას, სკამებსა და ჭაღებს; პრინცესა ვერონიკას შლაპების კოლექციას და სხვა. სასახლის ეზოში ყურადღებას იქცევს უზარმაზარი ხე - გინკგო ბილობა (Ginkgo biloba), რომელიც ეკატერინე დადიანის სიცოცხლეში დაურგავთ. ამ იშვიათი ხის ნაყოფს მედიცინაში აქტიურად იყენებენ.
ჭკადუაშის დადიანების სანადირო რეზიდენციაში სასტუმრო სახლი და პატარა კაფეც დაგხვდება. აქვეა საპიკნიკე და საკემპინგე ტერიტორიაც.