დამრეცკალთებიან და სუბალპური ბალახეულით შემოსილ მთაზე დიდი რაოდენობით კარსტული ძაბრი შეგხვდება.
მთის აღმოსავლეთ ნაწილს კეცები ეწოდება. მას ზოგჯერ ცალკე მთად გამოყოფენ და კეცების მთას ეძახიან. მთის სამხრეთით კი კლდოვან ფერდობზე რამდენიმე გამოქვაბულია, სადაც უძველესი ადამიანების ცხოვრების კვალი - თიხის ჭურჭლის ნატეხები და ცეცხლის კვალი უნახავთ.
მთის ჩრდილოეთ კალთაზე, სოფელ მრავალძალისკენ ადრე მონასტერი ყოფილა, ამიტომ ადგილობრივები ამ ადგილს მოსალოცს ეძახიან. ჭოლევის კლდესა და ტყეს შორის ტაძრის ნანგრევები შეგხვდება. გადმოცემის თანახმად, ამ ადგილიდან ბერები სოფლის ახლოს, ახალ ტაძარში დამკვიდრებულან, სადაც დღეს მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაა.
ხიხათის მთიდან რამდენიმე მდინარე და მოზრდილი ნაკადული იღებს სათავეს, მის ძირში კი ლამაზი ტბებია, სადაც შეგიძლია კარავი გაშალო და ბუნების სილამაზით დატკბე. აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ხიხათის მთისკენ მიმავალი საფეხმავლო მარშრუტიც საინტერესო იქნება, რომელიც სოფელ მრავალძალიდან იწყება.