KA

ჯომარდის სათავგადასავლო პარკი

ეს მულტიფუნქციური პარკი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფრანთან, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი

რა დაგხვდება?

ფშავის არაგვის ნაპირზე სრულად აღჭურვილი საჯომარდო ბაზაა მოწყობილი. მდინარის ეს მონაკვეთი 2-3 კატეგორიის სირთულისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალურია დამწყები ჯომარდელებისთვის - არ მოითხოვს ფიზიკურ მომზადებასა და გამოცდილებას.

კარვით დარჩენის მსურველებს შეუძლიათ, საკუთარი აღჭურვილობით ჩავიდნენ ან იქვე იქირაონ კარავი, თავისივე აქსესუარებით. ტერიტორიაზე 20-მდე საშუალო ზომის კარვის ადგილია. 

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოწყობილია საჰაერო თოკების პარკი, სხვადასხვა წინაღობით, სართულებითა და 7 ზიპლაინით.

აგრეთვე, აქ შეგიძლია გაერთო სპორტის სახალისო სახეობით - ზორბინგით (ბუშტ-ბურთი), ითევზაო, ჩაერთო ველოტურებში, ლაშქრობებში ან კაიაკებით გაისეირნო ჟინვალის წყალსაცავზე, რომელიც წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია.  სოფელ წიფრანიდან ჟინვალის წყალსაცავამდე მანძილი 5 კმ-ია. 

ჯომარდის პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე-ბარი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ, ადგილზე შეუკვეთონ ან წინასწარ დაჯავშნონ საუზმე, სადილი თუ ვახშამი.

როგორ მივიდეთ?

ჯომარდის სათავგადასავლო პარკი დაბა ჟინვალიდან 18 კმ-ის დაშორებით, ბარისახო-შატილის გზაზე მდებარეობს. თბილისიდან, დიდუბის ავტოსადგურიდან  დაბა ჟინვალამდე (მანძილი - 44 კმ) მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, თუმცა პირდაპირ ბანაკამდე არ მიდის. 

ბანაკამდე სამანქანო გზა სრულად ასფალტირებულია, მხოლოდ ბოლო 100 მეტრია გრუნტიანი, რომელზედაც ნებისმიერი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი გადაადგილდება.

როდის არის საკემპინგე სეზონი?

ჯომარდის სათავგადასავლო პარკში საკემპინგოდ საუკეთესო თვეებია აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა