რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, რომელიც საინტერესოა ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ფოლკლორითა და სამზარეულოთი.
რიონი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოედინება და ყველაზე წყალუხვი მდინარეა, სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ფასისმთაზე და შავ ზღვაში, ქალაქ ფოთთან ახლოს ჩაედინება. მისი სიგრძე 327 კილომეტრია.
საჯომარდო მარშრუტი ქალაქ ონში იწყება, ზღვის დონიდან 830 მეტრზე და ქალაქ ამბროლაურში, ზღვის დონიდან 550 მეტრზე სრულდება. მარშრუტის სიგრძე 26 კილომეტრია და მის გავლას 2 საათი და 20 წუთი სჭირდება.
ამ მარშრუტზე საჯომარდოდ დაშვებული მინიმალური ასაკი 18 წელია.
მარშრუტის სირთულე და სეზონურობა
მარშრუტის სირთულეა: გაზაფხულზე IV კატეგორია - ამ სეზონზე ახასიათებს სწრაფი და მძლავრი დინება, ჩქერები, სტოპერები და ორმოები; ზაფხულში III კატეგორია - მდინარის დინება სწრაფია და მეტ-ნაკლებად რთულ ჩქერებსა და ორმოებს შეიცავს.
ნავი
ჯომარდობა იმართება 6/8-ადგილიანი სპეციალური ნავებით.
აღჭურვილობა
ნავში აუცილებელია სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი, რასაც ადგილზე მოგცემენ. სასურველია, გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი, გრძელმკლავიანი თერმოზედატანი და შარვალი/შორტი, რომელიც დასველებისას არ დამძიმდება.
ნავს ახლავს პროფესიონალი ინსტრუქტორი. ყურადღებით უსმინე მის ინსტრუქტაჟს უსაფრთხოებაზე და ტექნიკურ მითითებებს მთელი პროცესის განმავლობაში.
ცურვის ცოდნა არ არის აუცილებელი.