ისტორიულ წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. სამეფო რეზიდენციიდან ქალაქში ახლა შემორჩენილია კოშკი, "მაჩაბლის კოშკის" სახელით ცნობილი და ძველი ეკლესიის ადგილას აშენებულია ახალი "ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი". ეკლესიისა და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი.
აქაა აღმოჩენილი მონეტების განძი - არაბულწარწერიანი და იმერეთის მეფის გიორგი II-ის სახელით მოჭრილი ფულის ერთეულები.
“მაჩაბლის კოშკისა”და იქვე მდებარე ეკლესიის გარდა, ამბროლაურში გირჩევთ მოინახულოთ სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც 600-მდე ექსპონატია დაცული. მათ შორის - ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ავთო ვარაზისა და სხვების. სოფელ აბარში კი მდებარეობს ალიოშა ჯაფარიძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ქალაქის შემოგარენში შუა საუკუნეების ბევრი ციხესიმაგრე და ტაძარია - ბარაკონი, მინდა ციხე, ზემო კრიხის ეკლესია ლაბეჭინა და სხვები, თუმცა XI საუკუნის დასაწყისში აგებული ნიკორწმინდა მათ შორისაც გამორჩეულია. ეს ტაძარი ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, მისი ჩუქურთმები კი - მონუმენტური პლასტიკის ნამდვილი შედევრი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამბროლაურში თავმოყრილია კავკასიაში გავრცელებული ყველა წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის მცენარე: ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, მუხა, წაბლი, იფანი...
აქ ნახავ ყინულოვან კარსტულ მღვიმეებს, ტბებს, ლამაზ ხეობებსა და ჩანჩქერებს.საოცარი ფერის ტბებს, ჩანჩქერებს - მათ შორის, სიყვარულის ჩანჩქერს, რომელიც გულის ფორმის გამოქვაბულზე ჩამოედინება.
მდინარე რიონი და მისი შენაკადები შესაფერის გარემოს ქმნის ლაშქრობისა და სათავგადასავლო ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის.
ამბროლაურიდან 20 კმ-ში მდებარე, მთებით გარშემორტყმული შაორის წყალსაცავი კი ფერების დაუვიწყარ პალიტრას ხატავს, რომელიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე განსაკუთრებით კარგი სანახავია.
ამბროლაურის ერთ-ერთ მოედანზე „ხვანჭკარის“ ძეგლი დგას. ღვინო ქართველებისთვის მნიშვნელოვანი სასმელია, „ხვანჭკარა“ და „ალექსანდროული“ კი რაჭისა და რაჭველებისთვის - გამორჩეული ღვინოები.
რა თქმა უნდა, რაჭაში სხვა ღვინოებსაც დააგემოვნებ, მაგრამ მსოფლიოში სახელგანთქმული „ხვანჭკარა“ ან „ალექსანდროული“, რაჭულ ლორთან, ლობიანთან და სხვა კერძებთან ერთად, რაჭაში შენი სამოგზაურო დღის ლოგიკური დასასრული იქნება.