ჩითახევი-ბორჯომის მარშრუტი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზეა, რომელიც საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
მტკვარი ამიერკავკასიის უდიდესი მდინარეა. მისი სიგრძე 1515 კმ-ია. ის სათავეს თურქეთში იღებს და საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვაში ჩაედინება.
მარშრუტი სოფელ ჩითახევში იწყება, ზღვის დონიდან 950 მეტრზე და ქალაქ ბორჯომში, ზღვის დონიდან 820 მეტრზე სრულდება.
მარშრუტის სიგრძე 8 კილომეტრია. დაშვებისთვის საჭირო დრო - 1 საათი და 30 წუთი. უსაფრთხოა დამწყებთათვის. აღნიშნულ მარშრუტზე ჯომარდობაში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკი 16 წელია.
ჩითახევამდე ქალაქ ბორჯომიდან 11-კილომეტრიანი გზა მიდის; სასტარტო ადგილამდე ბორჯომის ცენტრიდან მიკროავტობუსებიც მოძრაობს.
მარშრუტის სირთულე II, III, III+ კატეგორიისაა და მას სახიფათო მონაკვეთები არ აქვს.
ჩითახევი-ბორჯომის მონაკვეთზე ჯომარდობის პერიოდი აპრილი, მაისი და ივნისია. ამ დროს წყლის დონე მაღალია, მდინარე კი თანაბრად მიედინება. ადგილზე ჰაერის ტემპერატურა +20-დან +30 გრადუსამდეა.
საჯომარდოდ გამოიყენება 4/6/8-ადგილიანი ნავი.
ინსტრუქტორისგან სამაშველო ჟილეტსა და ჩაფხუტს მიიღებ. სასურველია, გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი, გრძელმკლავიანი თერმოზედატანი და სპორტული შარვალი ან შორტი, რომელიც დასველების დროს არ დამძიმდება.
ნავს ახლავს პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც პროცესის დაწყებამდე ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებს. ყურადღებით უსმინე ინსტრუქტორის მითითებებს მთელი პროცესის განმავლობაშიც. ცურვის ცოდნა არ არის აუცილებელი.