ქუჩის საკვები, ე. წ. Street food, ურბანული ქალაქებისთვის არის მისაღები და ის ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა გამოიწვია. როცა სადღაც გარბიხარ და კაფეში ან რესტორანში შეკვეთის ლოდინისთვის დრო არ გაქვს, მშვიდად შეგიძლია ქუჩაში სწრაფად და იაფად გემრიელი საკვები მიირთვა, თან საჭმელი ხელსაც გააყოლო. ქალაქის საკვები ძალიან გავრცელებული და ფართო კონცეფციაა, რომელიც მოიცავს იმას, რაც კაფეებსა და რესტორნებში კეთდება და ქუჩის საჭმელს, გარკვეულწილად იმასაც კი, რასაც ხალხი სახლში ამზადებს. ზოგადად ეს კონკრეტული ქალაქის, ერის საკვების მოხმარების კულტურა და მისი კულტურული ჩვევებია ამ საკითხში.
საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება სტრიტ-ფუდის კონცეფცია, ამის მნიშვნელოვანი მაგალითია სტრიტ-ფუდ ფესტივალი „გაუსინჯე თბილისს გემო“, გასტრონომიული ფესტივალები რეგიონებში, სადაც შეგიძლია ტრადიციული კერძების კომფორტული, მარტივი და სწრაფად საჭმელად მოსამზადებელი ვერსია იხილო. ადრინდელი ფასტ-ფუდები: შაურმა, ტარხუნის, კარტოფილის ღვეზელები, „პონჩიკი“ და „ჩებურეკი“ საქართველოში ნელ-ნელა კონკრეტულ კერძზე დაფუძნებულმა სტრიტ-ფუდმა ჩაანაცვლა.
ქუჩის საკვების - Street food-ის განვითარებას ქართული კულინარიაც უწყობს ხელს, რადგან ქართული საკვების უმრავლესობა შეიძლება ფინგერ-ფუდად (ხელით საჭმელი) მივიჩნიოთ, იგივე ყველაზე პოპულარული ხაჭაპური. გაჩნდნენ ფრანჩაიზები, სადაც უცხოურ კერძებთან ერთობლიობაში ქართული კერძებიც არის: სულგუნის ბურთები, ჭვიშტარის ჩხირები, ელარჯის კუბიკები, მჭადის სენდვიჩები. გათვლა ძირითადად ტურისტებზეა, მაგრამ საქართველოში სულ უფრო პოპულარულმა მიმართულებამ ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დააინტერესა, მოდიან მეგობრებთან ერთად და გარეთ მიირთმევენ.
საქართველოში სტრიტ-ფუდის კულტურა ახლა და ნელ-ნელა ვითარდება, ის შეგიძლია იხილო მცხეთის ავტობანზე, დიღმის ტრასაზე, ბათუმში, მაგ., Sorry Bebo, თბილისის შუაგულში. დიდ სავაჭრო ცენტრებში განლაგებულ სტრიტ-ფუდს კარგად ეხამება ქართული კერძების სტრიტ-ფუდის ვარიანტები, მჭადუკები ფხალეულით თუ რეგიონული კერძების ვარიაციები.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად მიიჩნევა სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე“, სადაც კვების ჰოლში რამდენიმე სხვადასხვა დასახელების ობიექტია ქართული სტრიტ-ფუდით: შოთი, „ბარბარესგან“, Chizzzy – „ჩიზზი“, მათი რიცხვი სულ მატულობს, რადგან მოთხოვნადი ხდება. აქ ნახავ ყველასთვის საყვარელ ქართულ სალათას, ხასხასა ბოსტნეულით შეზავებულ ქართულ პოპულარულ ფხალეულს მჭადებთან ტანდემში, მწვანეაჯიკიან კერძებს სხვადასხვა ქართული კომპონენტით, ბაჟეს საწებელს ღომთან თუ პურთან ერთად და ბევრი ქართული რეგიონის ნარჩევ გემოებს სახეცვლილი ვარიაციით. არ უნდა გამოგრჩეს ასევე დაბრაწული მეგრული ღომი კუჭმაჭით და გოჭის ხორცით, რომელიც კვების ახალ კულტურას ამკვიდრებს საქართველოში.
ქართულ სტრიტ-ფუდებში მაქსიმალურად ქართული ხაზით, მაგრამ სტრიტ-ფუდის კონცეფციით გამოირჩევა როგორც „ბარბარესგან“, ისე „თამთაკი“. „თამთაკს“ ქართული პურებიც აქვს, რადგან პური ძალიან პოპულარულია საქართველოში.
„ლამა სტრიტ-ფუდ“ - Lama Street Food, ასევე „ბურგერ ჰაუს“ - Burger House Tbilisi, თბილისის Sandwich Bar და Wetzel’s Pretzels, „სტრიტ-ფუდ“ ბარი Big Sam’s, რომლის ფილიალი შეგიძლია ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ იხილო, Surf'n'Fries და სხვა, საერთაშორისოდ ცნობილ პოპულარულ სტრიტ-ფუდს გვთავაზობს, ზოგიერთი მათგანი კი - ქართული კერძებსაც ახალი სტრიტ-ფუდ ვარიაციებით.
თანდათან გაიზარდა მოთხოვნა კერძებზეც – თუ თავიდან მხოლოდ ბურგერი იყო „საინტერესო“, ახლა მომხმარებლის არჩევანი უფრო მრავალფეროვანია. შესაბამისად, დღითი დღე კიდევ უფრო იზრდება ამ ტიპის ობიექტების რაოდენობა.
თუ ტკბილეული გაინტერესებს, ამასაც შეხვდები თბილისის ქუჩებში. როგორც ევროპულ ჩეხურ ტრდელნიკებს - „ბუხრის ნამცხვარს“, ისე ქართულსაც, „პონჩიკები“, ქადები, ფახლავა, ჩირეული, ჩურჩხელა და ტყლაპი/ფესტილი. ამ კერძების მირთმევა ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციაში ერთნაირად კომფორტულია.
პოპულარული კონცეფცია ქართულ რეალობაში მუშაობს, რადგან ამის საშუალებას ჩვენი გასტრონომიული კულტურა და ბაზრის მოთხოვნა იწვევს. მართალია ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება, რადგან საქართველოს სამზარეულოს აქვს პოტენციალი, „ქუჩის გასტრონომიული სამოთხე“ გახდეს.