KA

Swing Festival

თუ გინდა თავისუფალი ვარდნა ღრმა მუსიკალურ სამყაროში, ეძებ განტვირთვის სასიამოვნო ფორმებს და დაუვიწყარი საზაფხულო ისტორიების შეგროვებასაც ცდილობ, მაშინ Swing Festival-ს უნდა ეწვიო. ბოლო წლებში ქართული ელექტრონული მუსიკის სფერო საკმაოდ განვითარდა და ლოკალურ ფესტივალებსა თუ კლუბებს გემოვნებიანი მსმენელები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ.

რას გთავაზობს Swing Festival?

Swing სამდღიანი ფესტივალია, რომელიც 2021 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას, ასევე ისტორიულად მდიდარი ადგილის - ოქროს ტბის გამოცოცხლებას. პირველ წელს ფესტივალზე როგორც უცნობი, ისე ყველასთვის კარგად ნაცნობი, ადგილობრივი და საერთაშორისო მუსიკოსები წარდგნენ, ხოლო აქამდე შეუმჩნეველმა მდებარეობამ ფესტივალის სტუმრებს ნანატრი მუსიკალური მოგზაურობისათვის უნიკალური შესაძლებლობა შეუქმნა. 30, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს დედაქალაქისგან შორს, ქალაქ ფოთში, ოქროს ტბის მახლობლად სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არტისტები სამ განსხვავებულ სცენაზე გადანაწილდნენ და საცეკვაო მოედნებზე დაუვიწყარი შესრულებით პოსტპანდემიური დაძაბულობა სასიამოვნო და პოზიტიური განწყობით შეცვალეს. 

2022 წელს ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა, 5, 6 და 7 აგვისტოს მსმენელს განსხვავებული კონცეფცია შესთავაზა და სცენები ადგილობრივ კლუბებში - „Bahn“, „Zgvaze“, „Gate“ და „Botanico“ - გადაანაწილა. ისევე, როგორც წინა წელს, ფესტივალის მეორე გამოშვებამაც წარმატებით ჩაიარა და მსმენელებს ზღვისპირეთის დაუვიწყარი თავგადასავალი აჩუქა.

Swing Festival-ზე დაუკრავთ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: DVS1, Helena Hauff, Oscar Mulero, ქართველი შემსრულებლებიდან კი - Zurkin, Sevda, Skyra, Ash Scholem, Audio Space, Gio Shengelia, Hatsvali, Hudson, HVL, Pasha, Kraumur, Nicole, Rydeen, Kore Japaraidze და სხვები.

თუ საქართველოში მოგზაურობას დაგეგმავ, მაშინ კარგი იქნება, თუ ამ ქვეყანაში საოცრად ფერად და მხიარულ ზაფხულს არ გამოაკლდები, შენთვის საინტერესო ადგილებს აღმოაჩენ და თანამედროვე ქართული ელექტრონული სივრცის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობ ხელს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა