ჩანჩქერი დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან ისე ეცემა მდინარე აბაშის ზემო დინების ზედაცარცული კირქვის ქარაფში, რომ 12 მეტრი დიამეტრის ორმოს წარმოქმნის. აქ წყალი მდუღარესავით ქაფქაფებს, მისგან ამოფრქვეული წვეთები კი დროდადრო ცისარტყელას ფერებში ლივლივებს.
მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ კიდევ ორი, შედარებით მომცრო ზომის ჩანჩქერია. სამივეს ერთად ზემოდან 200 მეტრი სიმაღლის კირქვული ქარაფი გადმოჰყურებს.
აბაშის ჩანჩქერის გარშემო ტერიტორია ძირითადად ხშირი ტყითაა დაფარული. აუცილებლად შეამჩნევ ბზის სქელ ტევრებს და თუ მათ შორის გავლას გადაწყვეტ, იცოდე, ეს არც ისე მარტივია.
აბაშის ჩანჩქერისგან არცთუ ისე შორსაა რაჩხას ჩანჩქერი, რომელსაც კარსტული წყლების უხვი გამოსასვლელები აქვს.
აბაშის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე ჯორწყუს მღვიმესაც შეხვდები და ეს მარშრუტები შენი მოგზაურობის ერთ-ერთი დაუვიწყარი მოგონება გახდება.