KA
Abukhalo Archaeological/Architectural Cave Complex

აბუხალოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული გამოქვაბულის კომპლექსი

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბუხალოში, წიწვოვანი ტყით დაფარული კლდის ზედა ნაწილში გამოქვაბულების კომპლექსია, რომელიც აბუხალოს გამოქვაბულების სახელითაა ცნობილი და არქეოლოგიურ, არქიტექტურულ ძეგლებს მიეკუთვნება.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
ქარელი

აბუხალოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული გამოქვაბულის კომპლექსის ისტორია

ეს XVII-XVIII საუკუნეების ნაგებობაა. შესასვლელი მას ორი მხრიდან – აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ცნობილია, რომ დასავლეთ ნაწილში მაღალი გალავანიც ჰქონია შემოვლებული. გადმოცემის თანახმად, აქ ადრე მონასტერი ყოფილა.    

თავის დროზე კომპლექსი სხვადასხვა ზომის 8 ქვაბულს აერთიანებდა. პირველი მათგანი ყველაზე პატარა უნდა ყოფილიყო. მეორე, ჭვარტლით დაფარული ოთახიდან კარი მესამე, აგურით ნაშენ ქვაბულში გადის, რომელიც შელესილი და შეთეთრებულია. ამასთანავე, მეორე ოთახიდან, ბაქნის მეშვეობით, მეოთხე და მეხუთე ოთახებში გასვლაცაა შესაძლებელი. მეხუთე ოთახში განლაგებულია სათოფურები, რომლებიც ხეობას გადაჰყურებს. მეოთხე ოთახში დგას ბაქანი, რომელიც მე-6 ოთახში გადის. ვიწრო გვირაბით გზა მე-7 ოთახამდე მიდის, რომლის 3 ოთახი აგურითაა ნაშენი, მეოთხე კი კლდოვანი ქანებია. ეს ოთახი ეკლესიას უკავშირდება. აგურით ნაშენი ტაძრის მარჯვენა კედელზე მშენებლობის სცენა და რამდენიმე წმინდანია გამოსახული. 

ქვაბულთან უნდა ყოფილიყო წყაროც, რომელიც 1940 წლის მიწისძვრის დროს დაშრა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა