KA

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი

ქვემო რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, მთავარ მოედანზე, რომელსაც ტირიფებისა და ნაძვების ხეივანი ამშვენებს, კულტურის სახლის თაღებიანი შენობა დგას. ამ შენობაში ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმია განთავსებული. რაჭის ულამაზეს მიდამოებში სეირნობის შემდეგ შეგიძლია მუზეუმს ეწვიო და ქართველ ხელოვანთა შემოქმედებას გაეცნო.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

რას ნახავ ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში?

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქართველმა მხატვარმა ნიკოლოზ მეტონიძემ დააარსა. დღეს იქ მდიდარი კოლექცია, ცნობილი და შედარებით ნაკლებად ცნობილი მხატვრების 600-მდე ნამუშევარია დაცული. ისინი დაკარგვასა და განადგურებას 1991 წლის რაჭის მიწისძვრის დროსაც გადაურჩა. 

მუდმივმოქმედი გამოფენის სამ დარბაზში, სადაც მუზეუმის ფონდის მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი, ძირითადად XX საუკუნის ქართული მხატვრობა, ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული ნამუშევრები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები დაგხვდება. აქ შეგიძლია ნახო საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილი ქართველი მხატვრების - ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, ნათელა იანქოშვილის, ედმონდ კალანდაძის, ჯიბსონ ხუნდაძის, ავთო ვარაზის, გოგი ჩაგელიშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვათა ტილოები. 

აუცილებლად დაათვალიერე ისინი და თანამედროვე ქართველი ფერმწერების ნამუშევრებსაც შეავლე თვალი, ეს ხომ საუკეთესო გზაა მასპინძელი ქვეყნის გასაცნობად. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა