მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 26 კმ-ია და მის გასავლელად ორი დღეა საჭირო. გზა საშუალოზე რთულია, ხშირად მდინარის გადავლაც მოგიწევს, თუმცა ამ სირთულეს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს და ხევსურეთში ლაშქრობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. გაითვალისწინე, რომ აქ მოგზაურობისთვის აუცილებლად უნდა გქონდეს შესაბამისი სალაშქრო აღჭურვილობა.
ბილიკის გავლა რეკომენდებულია გამოცდილ, სერტიფიცირებულ გიდთან ერთად.
მარშრუტი არხოტის ხეობის სოფელ ახიელიდან იწყება, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. აქედან ხეობას გაუყვები და 3 კმ-ში სოფელ ამღასთან მიხვალ, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1720 მეტრია. ამღა არხოტის ხეობის ბოლო ქართული სოფელია - აქედან ინგუშეთის (რუსეთის ფედერაცია) უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 18-20 კმ-ია.
დაახლოებით 1.5 კმ-ში მდინარე ასას ხეობაში ჩადიხარ, ბილიკი თანდათან ვიწროვდება და კანიონში შედის, სადაც გზად მდინარე უნდა გადაკვეთო და მის მარჯვენა სანაპიროს გაუყვე.
აქედან 3 კმ-ში მდინარე ასას მარჯვენა შენაკადი უერთდება - მდინარე ტანიესწყალი. ის საკმაოდ ღრმაა და გარკვეულ ადგილებში მისი გადავლაც მოგიწევს.
12 კმ-ის გავლის შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პუნქტთან მიხვალ. აუცილებელია, რეგისტრაცია გაიარო, რადგან იქვე ახლოს რუსეთის (ინგუშეთის) საზღვარია. შემდეგ შეგიძლია აქვე დაბანაკდე ან ტანიეს ტბის მიმართულებით გააგრძელო გზა - ტბამდე დაახლოებით 6 კმ-ია.
გულის ფორმის ულამაზეს, კამკამა ტბასთან, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2232 მეტრ სიმაღლეზეა, შესანიშნავი საკემპინგო ადგილებია. ტბაში გაგრილებაც შეიძლება, თუ ამ ცივ წყალს გაუძლებ.
ტანიეს ტბიდან ხეობას ზემოთ, ტანიეს უღელტეხილისკენ გაუყვები და საკვანძო გზაგასაყარზე აღმოჩნდები, საიდანაც გზა ქვემოთ, სოფელ უკანხადუს მიმართულებით უნდა გააგრძელო.
დაახლოებით 1.5 კმ-ის შემდეგ კი აღმოსავლეთის მიმართულებით ფერდობზე გადაუხვევ. ქვემოთ არ ჩახვიდე - ფერდობს გაუყევი, სანამ ქედზე არ გადახვალ.
ქედზე 1 კმ-ის გავლის შემდეგ ქედების შესაყარს მიადგები. გეზი აღმოსავლეთით აიღე და მარცხნივ არსებულ ქედს გაუყევი.
3 კმ-ის შემდეგ კვლავ ქედების გზაგასაყარია და კვლავ მარცხნივ გააგრძელე გზა. ქედიდან კისტანის ციხეებს დაინახავ. 2 კმ-ს რომ გაივლი, ქედის მარჯვნივ ხეობაში დაეშვები, სოფელ კისტანთან, კისტანის ციხეების მარჯვნივ ჩახვალ და გზისპირზე აღმოჩნდები.
სოფელი კისტანი ზღვის დონიდან 2080 მეტრზეა გაშენებული. ერთ დროს აქ მრავალი ციხე-სახლი მდგარა, რომლებსაც როგორც თავდაცვითი, ისე საცხოვრებლის ფუნქცია ჰქონდა. ამჟამად მხოლოდ რამდენიმე მათგანია შემონახული, თუმცა ისინი მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.