მწვერვალი მარჯანიშვილი მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ზესხოს სათავეში. მისი სიმაღლე 3555 მეტრია. მწვერვალის მარშრუტზე გვხვდება ნაშალი ქვები, კლდოვანი ქედი და თოვლის საფარი.
მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 1800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ზესხოს ალპინისტური ბანაკიდან. მივუყვებით მდინარე ზესხოს ხეობას, შემდეგ ტყის გავლით ქედზე ასვლას ვიწყებთ. პირველი საბანაკო 2200 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე საფარზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 400 მეტრია, საჭირო დრო - 3-4 საათი.
პირველი საბანაკოდან ქედის გავლით მეორე საბანაკოში ვინაცვლებთ, რომელიც 2700 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე საფარზე მდებარეობს. ასავლელი ვერტიკალი 500 მეტრია, საჭირო დრო - 3-4 საათი.
მეორე საბანაკოდან მწვერვალისკენ მივდივართ. გზად გვიწევს კლდოვანი ქედისა და ნაშალი ქვების რელიეფის გავლა, შესაძლებელია, შეგვხვდეს თოვლის საფარი. გზაზე არ გვეღობება განსაკუთრებული სირთულის გადასასვლელები. მწვერვალზე 5-10 წუთის დაყოვნების შემდეგ უკან იმავე მარშრუტით ვბრუნდებით.
პირველ საბანაკოში დაბრუნება იმავე დღეს არის შესაძლებელი. თუ თავს ენერგიულად იგრძნობ, შეგიძლია ზესხოს საბანაკოშიც დაბრუნდე.
ასავლელი ვერტიკალი 855 მეტრია, საჭირო დრო - 6-7 საათი.
მწვერვალ მარჯანიშვილიდან ძალიან კარგად იშლება რაჭის მწვერვალების ხედები.
მარჯანიშვილზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე.
ლენტეხის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 55 კმ-ია. ადგილზე მისასვლელად ნებისმიერი გამავლობის ავტომობილი გამოდგება. მისი დაქირავება მესტიის ავტოსადგურზეა შესაძლებელი.