KA
Batumi Seafood Market

ბათუმის ზღვის პროდუქტების ბაზარი

ზღვისპირა ქალაქები განსაკუთრებული ეგზოტიკურობით გამოირჩევა - პალმებიან სანაპიროზე ქარს თევზისა და მარილიანი ზღვის სუნი მოაქვს. სწორედ ამიტომ გახდა თევზის ბაზარი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, ბათუმის ორგანული ნაწილი. 
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

რას გვთავაზობს თევზის ბაზარი? 

ქალაქის შესასვლელში მდებარე ეს ბაზარი თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მოყვარულების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. არჩევანი აქ იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, მეთევზის ან გამოცდილი გამყიდველის რჩევაც დაგჭირდეს. 

აქ შეგიძლია შეიძინო დორადო, რომელიც საუკუნეებია, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში დელიკატესად მიიჩნევა. ეს თევზი მდიდარია კალიუმით, კალციუმითა და სხვა სასარგებლო ელემენტებით; ასევე ზღვის კამბალა, იგივე კაკლანი, რომელიც ძალიან პოპულარულია თევზეულის მოყვარულებში; და სპარსული წარმოშობის სამეფო თევზი, რომელიც  უგემრიელესია როგორც შემწვარი, ისე მოხარშული და შებოლილი. თევზის მოყვარულები ხმელთაშუა ზღვის სიბასზეც  ვერასდროს ამბობენ უარს.

მოიწყვე მყუდროება

საკურორტო სეზონზე ბაზარი უფრო მეტად დატვირთულია, თუმცა თავისი ერთგული მომხმარებელი სულ ჰყავს. მეთევზეებსა და გამყიდველებს ბაზრობის საყვარელი დღეებიც აქვთ, უყვართ პარასკევი, შაბათი და კვირა. ეს ის დღეებია, როცა ბაზარში წასასვლელად ბათუმელებიც იცლიან და ქალაქში ტურისტებიც მრავლად არიან. 

შეიარე ბათუმის თევზის ბაზარში, შეიძინე შენთვის სასურველი თევზი, იქვე მდებარე რომელიმე რესტორანში მისი მომზადება შეუკვეთე, მოკალათდი გემრიელად და ზღვის ულამაზესი ხედებით მშვენიერი დელიკატესების თანხლებით დატკბი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა