KA
Telavi Food Market

თელავის ბაზარი

თელავი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, რომელიც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კულტურული ცენტრია. აქ, თელავის ბაზარში, ყველა სეზონზე ნატურალური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება. თელავის ბაზრის ისტორია კი საუკუნეების წინათ იწყება, კერძოდ XVII საუკუნიდან, როცა შაჰ-აბასის შემოსევისას სავაჭრო-საქარავნო ქალაქი გრემი დაინგრა და ეს ფუნქცია თელავმა შეითავსა. 
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

რას ნახავ თელავის ბაზარში?

კახეთი საქართველოს მეღვინეობის მთავარი რეგიონია, ამიტომ ბაზარში ყველაზე საპატიო ადგილს ჩამოსასხმელი ქვევრის ღვინო და ტრადიციული მეთოდით გამოხდილი ჭაჭა იკავებს.

ადგილობრივი სოფლებიდან გლეხებს საკუთარი საოჯახო მეურნეობის ბოსტნეული და ბაღჩეული, მარცვლეული, ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები და ტკბილეული ჩამოაქვთ.

თელავის ბაზარი გამორჩეულია რძის ნაწარმით. დახლებზე ყველის უამრავ სახეობას ნახავ. აქ საუკეთესოდ მიიჩნევა ახმეტის ყველი, ხაჭო, ერბოს კარაქი და არაჟანი.

თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზეა სახაშე მასალა - ხაში კავკასიურ და აზიურ სამზარეულოში ცნობილი წვნიანი კერძია.

კახური სამზარეულოს თავისებურებანი

კახური სამზარეულო მწვადით არის ცნობილი და ბაზარშიც ღორის ხორცს დიდი ადგილი უჭირავს. ახალი თევზი კი ალაზნის ველზე გაშენებული წყალსაცავებიდან მოაქვთ. 

აქ იყიდება კახური და მაღალმთიანი სამზარეულოებისთვის დამახასიათებელი სუნელ-სანელებლები. მაგალითად, კვლიავი, რომელსაც თუშები ხინკალში იყენებენ. 

თელავის ბაზარი ცნობილია 100%-ით ნატურალური ტკბილეულითაც, გამორჩეული კი ფერად-ფერადი ტყლაპებია - შავი ქლიავის, წითელი ტყემლის, მსხლის, ვაშლის, კივის… 

კახეთი წარმოუდგენელია ტრადიციული ნუგბარის - ჩურჩხელის გარეშე, რის გამოც თელავის ბაზარში ჩურჩხელების დიდი არჩევანია - თხილით, ნიგვზითა და ჩირით, თუმცა ნამდვილი ჩურჩხელა ნიგვზითა და ბადაგით - ყურძნის წვენით მზადდება. ამისთვის ნიგოზი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს, რასაც თელავის ბაზარში აუცილებლად გადააწყდები.

მწვანილების დახლთან კი გამორჩეული ჩაცმულობის ქისტებს შეხვდები, რომლებიც საქართველოში საუკუნეების წინათ დასახლებული ჩეჩნები არიან და ისინი ქვეყნის მოსახლეობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა