KA

ნავთლუღის ბაზარი

დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ახლა სამგორის, ანუ ნავთლუღის ბაზარია, ოდითგანვე სავაჭრო რაიონი იყო. ბაზარი სამგორის რკინიგზის სადგურთან, მეველის ქუჩის №3-ში მდებარეობს. აქ გლეხები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოდიან საკუთარი მოსავლის სარეალიზაციოდ.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს ნავთლუღის ბაზარი?

ნავთლუღში პროდუქტების ფართო არჩევანია, ფასები კი ყველა ბაზართან შედარებით - დაბალი. ამიტომ მომხმარებელი ამ ბაზარში არა მარტო თბილისიდან, არამედ რაიონებიდანაც ჩამოდის. ნავთლუღში შეიძენ საუკეთესო ხილს, ბოსტნეულს, რძეს, ყველს, საქონლისა და ფრინველის ხორცს. ხარისხის გარანტი ლაბორატორიაა, რომელიც წინასწარ ამოწმებს და ბეჭდით ადასტურებს პროდუქტის საიმედოობას. 

აქ, რკინიგზის სადგურის გასწვრივ, ცალკეა მწვანილის ბაზარი, სადაც, მრავალნაირ მწვანილთან ერთად, ქართულ სამზარეულოში ძალიან პოპულარული საკვები მცენარეები იყიდება.

ნავთლუღში ყვავილების საბითუმო ბაზარიცაა, რომელიც გამთენიისას იხსნება და დილის 10:00 საათზე იკეტება; 

თუმცა ნავთლუღის ბაზარს თბილისის სხვა ბაზრებისგან მეწვრილმანეებისა და მეძველმანეების რიგები გამოარჩევს. აქ შეიძლება გადააწყდე სახლიდან გამოტანილ ძვირფას ძველ ნივთებს; სპილენძისა და ფაიფურის ჭურჭელს, საყოფაცხოვრებო წვრილმანებს. 

ბაზრის ირგვლივ ტრადიციულად ნახავ საუკეთესო მეწაღეებს - ფეხსაცმლის მკერავებსა და ძველი ფეხსაცმლის შემკეთებლებს. ნავთლუღის ბაზარი ზოგადად წვრილმანი ხელოსნებითაა ცნობილი, რომლებიც დაზიანებული ჩანთების, ქამრების, სამკაულების, ჭურჭლის აღდგენის ოსტატები არიან. რასაც თბილისში სხვაგან ვერსად შეაკეთებენ, გეტყვიან, რომ სწორედ ნავთლუღელ ხელოსნებს უნდა მიუტანო. 

ბაზართან მისასვლელად ყველაზე მარტივი გზა მეტროა - მეტროსადგურ „სამგორზე“ ამოხვალ თუ არა, ბაზარიც იქვე იწყება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა