ყველაფერი 1879 წლის 20 ივლისს დაიწყო, როდესაც ადგილობრივი პოლიცმაისტერის მეუღლემ, სხვა სცენისმოყვარეებთან ერთად, პირველი სპექტაკლი დადგა. წარმატებული დებიუტიდან ხუთ წელიწადში ბათუმს თეატრის პირველი, 450 მაყურებელზე გათვლილი შენობა ჰქონდა.
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დავით კლდიაშვილი გახდა. 1912 წელს მას სათავეში ჩაუდგა მეორე ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი, მსახიობი შალვა დადიანი. 1931-1932 წლებში თეატრს უკვე კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა.
1937 წელს ბათუმში ახალი თეატრი გაიხსნა. 2015-2018 წლებში შენობას ძირეული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეს ბათუმის დრამატულ თეატრს ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამი სცენა აქვს: დიდი, ექსპერიმენტული და ახალი. თეატრში არის მუზეუმიც, რომელშიც საინტერესო ექსპონატებს, საარქივო მასალებს, ფოტოებს, ვიდეო- და აუდიოჩანაწერებს ნახავ.
თეატრის დრო ბათუმში 19:00 საათიდან დგება. რეპერტუარშია ქართული და უცხოური პიესები. ასევე შეგიძლია დაესწრო შემოქმედებით საღამოებს, შეხვედრებსა და გამოფენებს, რომლებიც თეატრის მუზეუმში რეგულარულად იმართება.