მაღალ ფუნდამენტზე შემდგარი სამნავიანი ბაზილიკა თავისი განსხვავებული არქიტექტურით ნამდვილად გაგაოცებს - ტაძრის დასავლეთი და აღმოსავლეთი ღერძები ხუთწახნაგა შვერილებით გამოირჩევა, დასავლეთის ფასადზე კი ორი მაღალი სამრეკლო კოშკია.
ეს საოცარი ტაძარი მეცენატ ძმებს ზუბალაშვილებს 1897-1902 წლებში დედის თხოვნით, მისი სულის მოსახსენებლად აუშენებიათ. ძმებს არქიტექტორები და მხატვრები იტალიიდან მოუწვევიათ და ტაძარი ნეოგოტიკური სტილით აუგიათ.
თავდაპირველად ტაძარი კათოლიკური იყო, თუმცა კომუნისტურმა ხელისუფლებამ არც ის დატოვა თავისი კვალის გარეშე - წლების განმავლობაში აქ ჯერ არქივი, მოგვიანებით კი მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული.
1980 წელს ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1989 წლის 16 მაისს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ის ღვთისმშობლის შობის სახელზე აკურთხა.
ამავე დღეს ბათუმში 5 ათასამდე ადგილობრივი მართლმადიდებლად მოინათლა. მას შემდეგ ტაძარი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საკათედრო ტაძრად დადგინდა.
2011 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.