KA

ბათუმობა

„ხავერდოვანი სეზონი“, როცა მზე - ნაკლებად მწველი, ხოლო წყალი თბილზე თბილია, ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდად მიიჩნევა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ზღვისპირა კურორტ ბათუმს სექტემბერში უნდა ეწვიო - ეს „ბათუმობაა“.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

რას ნახავ „ბათუმობაზე“?

ყოველწლიურად, სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას ბათუმში ქალაქის დღესასწაული აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო ღონისძიებები ძირითადად საღამოს იმართება, ამ დღეს ფუსფუსი და საზეიმო განწყობა დილიდან იგრძნობა. ქუჩებში მუსიკის ხმა ისმის,  სახლები ფერადი ყვავილებითა და დეკორაციებით ირთვება, ოჯახებში კი უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური ცხვება

სახალხო სეირნობა, ქუჩის პერფორმანსები, ფოტოგამოფენები, კონკურსები, კონცერტები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები, ფრანების შოუ, თითების თეატრი და, რაც მთავარია, აჭარის ფოლკლორული და გასტრონომიული ფესტივალი „განდაგანა“ - ამ დღის ვრცელი და საინტერესო გასართობი პროგრამა მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემს.  

მემედ აბაშიძის გამზირსა და ევროპის მოედანზე სტუმრებს კოსტიუმირებული და თოჯინების თეატრის წარმოდგენები, საბავშვო გასართობი თამაშები და მუსიკალური ბენდების კონცერტები ელით, ხოლო ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებებია; ხელოსანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაზე შეგიძლია ლამაზი ნივთებიც შეიძინო, ხოლო დღესასწაულის დასასრულს, 21:00 საათზე მასშტაბური კონცერტი იმართება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა