KA
Baia Gallery

Baia Gallery

თბილისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიების ქალაქია, თუმცა აქ ხშირად შეხვდები თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, სივრცეებს, რომლებიც სიძველეში ახალ სხეულებად ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ასეთ კერძო გალერეას თბილისის ძველ უბანში, შარდენის ქუჩაზე იპოვი. ეს პატარა, საფეხმავლო ქუჩა ყოველთვის იყო თბილისის კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელსაც სახელი ХVII საუკუნის ფრანგი მწერლისა და მოგზაურის ჟან შარდენის პატივსაცემად დაერქვა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

თბილისის უძველესი კერძო გალერეა - Baia Gallery

1992 წელს ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძემ Baia Gallery გახსნა. თავდაპირველად მას „ორიენტი“ დაერქვა, თუმცა 2000 წლიდან გალერეას დამფუძნებლის სახელი ეწოდა. არსებობის მანძილზე Baia Gallery-ში სამასზე მეტი გამოფენა მოეწყო. 

რას ნახავ Baia Gallery-ში?

ორსართულიან სახლში, 70 კვ.მ სივრცეში დაათვალიერებ როგორც თანამედროვე, ისე წინა საუკუნეების ქართველი მხატვრების ნამუშევრებს. ურბანისტული პეიზაჟები, პრიმიტივისტი მხატვრების ტილოები, აღმოსავლურ მოტივებზე შესრულებული ნახატები, პოპარტის სტილის პოსტერები, მთები, ზღვები, გემები, ხეები, ადამიანები, ქალაქები, სახლები, განათებული ფანჯრები - ასეთია „ბაიას“  სამყარო. 

ყოველდღიურობა Baia Gallery-ში

გამოფენების გარდა, გალერეა მუდმივად მასპინძლობს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა აუქციონები, პრეზენტაციები, საგამომცემლო პროექტები და სხვა. 

Baia Gallery-ს რომ ესტუმრები, თანამშრომლები აუცილებლად მოგიყვებიან ცნობილი თუ უცნობი ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების შესახებ. აქვე თანამედროვე ქართველი მხატვრების პლაკატებსა და ბუკლეტებსაც შეიძენ. გალერეაში შესვლა უფასოა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა