KA

ბანაკი ზეთა (სოფ. ჯუთაში)

ტურისტული კომპლექსი-ბანაკი „ზეთა“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში, კლდოვანი მასივის - ჭაუხების ძირში, ზღვის დონიდან 2300 მ-ზე მდებარეობს. ჯუთა ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის ხეობაში,ზღვის დონიდან 2 000 მ-ზე გაშენებული ულამაზესი სოფელია.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
ჯუთა

რა დაგხვდება?

„ზეთადან“ ჭიუხის (ჭაუხის) ულამაზესი ხედი იშლება, რომელიც თავისი დიდებულებით მოგაჯადოებს. ბანაკში 4 გლემფინგი  და ხის 3 კოტეჯი დაგხვდება. აქვეა ძალიან ორიგინალური ღამის გასათევი „ბურთები“. ასევე შესაძლებელია საკუთარი კარვებით ასვლა და დაბანაკება. 

ტერიტორია კეთილმოწყობილია. აქ არის ელექტროენერგია, ცივი და ცხელი წყალი, კომფორტული სველი წერტილები. ადგილზე სტუმრებს დილიდან გვიან ღამემდე ემსახურება ბარი და რესტორანი ევროპული და ტრადიციული კერძებითა და სასმელებით. „ზეთა“ ორიენტირებულია სამთო ტურიზმის განვითარებაზე და სტუმრებს საცხენოსნო, სათხილამურო (მარტიდან მაისის ჩათვლით), საფეხმავლო, ალპინისტურ და ველოტურებს სთავაზობს. ბანაკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს პროფესიონალი მეკლდეურების მიერ მოწყობილი საცოცი კედელი, რომელიც 5 სხვადასხვა სირთულის მარშრუტს მოიცავს.

როგორ უნდა მიხვიდე?

ტურისტული კომპლექსი „ზეთა“ თბილისიდან - 180 კმ-ით, ხოლო სტეფანწმინდიდან 20 კმ-ით არის დაშორებული. სოფელ ჯუთამდე მისვლა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილით, რომლის დატოვებასაც პარკინგზე შეძლებ და კომპლექსამდე დარჩენილ 1000 ნაბიჯს ფეხით დაახლოებით 15 წუთში გაივლი. 

როდის არის საკემპინგე სეზონი?

ბანაკი „ზეთა“ ივნისში იხსნება და სტუმრებს სექტემბრის ბოლომდე მასპინძლობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა