ჯუთა სოფელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე.
სოფელი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული ადგილია. აქ ჩამოედინება მდინარე სნოსწყალი, რომელიც გზადაგზა, კლდეებზე ულამაზეს წყალვარდნილებს ქმნის და მდინარე თერგის შესართავისკენ მიემართება.
ჯუთა ნებისმიერ სეზონზე დიდებულია. სოფელში თანამედროვე ტიპის საოჯახო სასტუმროებია კეთილმოწყობილი ნომრებით, ჰამაკებითა და შეზლონგებით, რათა მთის მზეზე კომფორტულად გაირუჯო, ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურო.
სასტუმროებსა და პატარა კაფეებში ამ კუთხის კერძებს შემოგთავაზებენ, რომლებიც ადგილობრივი პროდუქტებით მზადდება:
მოხეური, დაკეპილი ხინკალი;
სრულიად გამორჩეული გემოს მქონე ხორცშიბუიანი - ცომში გამომცხვარი დაკეპილი საქონლის ხორცი და ველური ღანძილი;
წერთხალა - სეზონური მცენარის ყლორტები ძმარში;
მხლოვანი - ცომში გამომცხვარი დაკეპილი ჭარხლის ფოთოლი, ახალი ხახვი, მწვანილები და ყველი;
მაჭკატები მოცვის მურაბით;
დეკას ჩაი და კუს ერბო - ერთად მოზელილი კარტოფილი, ყველი და ერბო.
აღსანიშნავია, რომ ჯუთის მთავარი სანახაობა ჭიუხის მასივია, რომელსაც ხშირად ჭაუხის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. ამ უცნაურად ამოზრდილი და დაკბილული მთების სიმაღლე 3400 მეტრიდან 3900 მეტრამდეა, ხოლო ჭიუხის უღელტეხილის სიმაღლე 3338 მეტრს აღწევს.
ხევსურეთის ხეობებსა და თოვლს, რომელიც ზაფხულის დღეებშიც კი ფეხქვეშ გეფინება.
თუკი ჯუთას ივლისის ბოლო კვირაში ეწვევი, ამ დროს აქ ხალხური რელიგიური დღესასწაული - ათენგენობა დაგხვდება.
ათენგობა ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ბერძენ მღვდელმოწამე ათინოგენ სებასტიელის (ჩვ.წ. 311 წ.) სახელს უკავშირდება, აღდგომიდან მე-100 დღეს აღინიშნება და რამდენიმე დღე გრძელდება. ხევსურეთში ათენგობა ახალი წლის მსგავსი დიდი ზეიმია, რომლის დროსაც ადგილობრივები სალოცავებთან იკრიბებიან, ქრისტიანულ მსახურებას ესწრებიან, შემდეგ კი იქვე ეზოში სუფრას შლიან. ამ დღესასწაულზე მისულ სტუმარს ხევსურები ათმაგი პატივისცემით ხვდებიან.