KA
Batonistsikhe - Fortress of Kakhetian Kings

ბატონის ციხე

საქართველოში უამრავი უძველესი ეკლესია და ციხესიმაგრე გვხვდება, თუმცა მეფეთა სასახლეებს აქ ვერსად ნახავ. თბილისში მდებარე სამეფო სასახლეები ირანის მმართველმა - აღა-მაჰმად-ხანმა 1795 წელს მიწასთან გაასწორა. თელავის ცენტრში აღმართული ბატონის ციხე კი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია. 
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

ბატონის ციხის ისტორია და მდებარეობა 

ბატონის ციხე გვიანდელი ფეოდალური ხანის საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ის თელავში მდებარეობს და ХVII-ХVIII საუკუნეებში კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. ციხის ტერიტორიას რიყის ქვისაგან აგებული 5 მეტრის სიმაღლის ქონგურებიანი გალავანი აკრავს, რომელსაც თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. ამ გალავნის საშუალებით დაცული იყო მეფეთა სასახლე, მეფის კარის ეკლესიები, მეფის აბანო, გვირაბი და სემინარიის შენობა.

რეზიდენცია თავის დროზე ორ ეტაპად აშენდა: ХVII საუკუნეში, არჩილის მეფობის დროს აგებულია მეფეთა სასახლე, აღმოსავლეთის კარიბჭე და აბანო. ХVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ერეკლე II-ის მეფობის დროს კი კარის ეკლესია აშენდა, ასევე - დასავლეთის კარიბჭე და ზემოთ ნახსენები გალავანი, რომელმაც ეს ტერიტორია ციტადელად აქცია.

„ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთით, ქვითკირით აშენებული დახურული გვირაბია, რომელიც აქ არსებულ ნაგებობებს საიდუმლო გასასვლელთან აკავშირებდა.

ბატონის ციხე მშვიდობიანობის პერიოდში უცხოელ ელჩთა მისაღები და ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი გახლდათ.

ბატონის ციხე ამჟამად

ციხე-კომპლექსის წინ ერეკლე II-ს ცხენოსანი ძეგლი დგას, რომელიც კარგადა გამოხატავს მეფის დიდებულებას და თელავის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. 

კახეთის მეფეთა სასახლეში მუზეუმია განთავსებული, სადაც სამეფო ოჯახის ნივთები, უმდიდრესი ნუმიზმატიკური კოლექცია და მრავალი ისტორიული რელიკვია ინახება. 

აქვეა თელავის ისტორიული მუზეუმი, რომლის უნიკალური გამოფენა რეგიონის წარსულზე საინტერესო ამბებს მოგვითხრობს. 

გზის გადასწვრივ თელავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა - 900 წლის ჭადარი, რომლის სიმაღლე 40 მეტრია, გარშემოწერილობა კი  11,4 მეტრი. ეს შთამბეჭდავი ხე საქართველოს ისტორიის ნამდვილი მემატიანეა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა