KA

ბეგა-ფესტი

თუ გსურს, ზაფხულის დღეები საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, მეგობრებთან ერთად, მხიარულად გაატარო, ფიჭვის ტყის მაცოცხლებელი ჰაერი ისუნთქო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აივსო, თბილისიდან 63 კმ-ის დაშორებით მდებარე კურორტ მანგლისში არტფესტივალ „ბეგა-ფესტს“ უნდა ეწვიო.
რეგიონი
ქვემო ქართლი
კურორტი
მანგლისი

რას ნახავ „ბეგა-ფესტზე“?

ფესტივალი, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა, ტრადიციულად, აგვისტოში მანგლისის ულამაზეს ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ იმართება და ორი დღე გრძელდება.

ფესტივალზე გამოდიან ელექტრონული მუსიკის არტისტები, მუსიკალური ჯგუფები როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან, ასევე ქართული ფოლკლორული ანსამბლები.

მუსიკის გარდა, ფესტივალზე უამრავი გასართობია. მთელი დღის განმავლობაში საშუალება გექნება, სამაგიდო და სპორტულ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, ღია ცის ქვეშ გამართულ ეთნობაზრობაზე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქცია დაათვალიერო და სასურველი ნივთები თუ პროდუქტები შეიძინო, უგემრიელესი ქართული კერძები დააგემოვნო და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იცეკვო.  

ცნობისთვის - მანგლისის ზომიერად თბილი და მშრალი კლიმატი და 200 ჰექტარზე გადაჭიმული ფიჭვის ტყის ჰაერი სასუნთქი გზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებაა.  

ამიტომ სასურველია, თუ მანგლისში ფესტივალის დასრულების შემდეგაც დარჩები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა