ბეთანიის მონასტერში ჯერაც ყველაფერი ისეა, როგორც XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე იყო, როდესაც ეს ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა აშენდა.
აქ ოდესღაც დიდი ლავრა ყოფილა, რასაც სენაკების ნეშტები ადასტურებს.
გადმოცემის თანახმად, ბეთანიის მონასტერში ხშირად დადიოდა თამარ მეფე. სწორედ თამარის გამოსახულებაა ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე, მამასთან - გიორგი III-სთან და შვილთან - ლაშა-გიორგისთან ერთად. ეს არის საქართველოში არსებული თამარ მეფის ოთხი ფრესკიდან (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი და ბერთუბანი) ერთ-ერთი.
ტაძარი მოხატულია რელიგიური შინაარსის სცენებით, რომლებიც 1207 წლით თარიღდება.
მთავარ ტაძართან რამდენიმე ნაბიჯში წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკაც დგას, რომელიც 1196 წელს თამარ მეფის მამიდას - რუსუდანს აუგია.