მუზეუმის პირველ დარბაზში გამოფენილია ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სამკაულები, ორიგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი და სხვა. მეორე დარბაზში დაცულია უნიკალური ქართული დამწერლობის განვითარების ამსახველი მასალა. აქ ნახავ ქართული მრგლოვანი, რელიეფური ასოებით შესრულებული უძველესი (V ს.) წარწერების ასლებს, XVIII საუკუნის საეკლესიო წიგნებს, XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწის იოანე ბოლნელის საფლავის ქვას, რომლის ეპიტაფიაც ასომთავრული ასოებითაა შესრულებული. მუზეუმში ინახება 1712 წელს გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც ქართველებისთვის დიდი ღირებულება აქვს. საუკუნეების განმავლობაში ამ წიგნს ქალს მზითვად ატანდნენ და ამ ტრადიციის არსი ახალ ოჯახში ქალის როლისა და უფლებების განმტკიცება იყო. ბოლნისის მუზეუმის საგანძურთა შორისაა ჰაგიოგრაფი მწერლის იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ საიუბილეო (1500 წლისთავისადმი მიძღვნილი) გამოცემა. „შუშანიკის წამება“ ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლია, V საუკუნეშია დაწერილი და ბევრ ენაზეა თარგმნილი. მისი ავტორი მონათხრობი ამბების თვითმხილველია.