KA

ბუკისციხე - თამარის ციხე

საქართველოში თითქმის ყველა ლამაზი ციხესიმაგრე თამარ მეფის სახელს ატარებს - იგი XII საუკუნის ბოლოს ავიდა საქართველოს სამეფო ტახტზე, მისი მმართველობის დროსაც მტკიცედ იყო დაცული საქართველოს საზღვრები და ქვეყნის განვითარებაში „ოქროს ხანა“ იდგა. ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე ბუკისციხე, იგივე თამარის ციხე, გურიაში, ჩოხატაურიდან 6 კმ-ში, სოფელ ბუკისციხეში მდებარეობს. ციხესიმაგრე მაღალ გორაზე დგას და მასთან მისასვლელი გზა საკმაოდ ციცაბოა.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ჩოხატაური

ბუკისციხის ისტორია და სტრუქტურა

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს, რომ ეს მხარე უკვე გვიანი ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული, ანტიკურ ეპოქაში კი აქ ქალაქური ტიპის დასახლება გაჩენილა.

ციხესიმაგრის უძველესი სამშენებლო ფენა ადრე ფეოდალურ ხანას განეკუთვნება, უახლესი კი გვიანი შუა საუკუნეებისაა.

თამარის ციხის, როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობის, სტრატეგიული დანიშნულება იმერეთიდან შავ ზღვამდე მიმავალი გზის მეთვალყურეობა და დაცვა ყოფილა. 

ომებისა და დროის გავლენით ციხის დიდი ნაწილი დანგრეულია, თუმცა ამ დრომდე შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთი. აქ ყურადღებას იქცევს VI-VII საუკუნეებში აგებული მრავალსართულიანი კოშკი: პირველ სართულზე ქვის დიდი ავზი და ქვის კიბის ნანგრევებია, მეორე სართულზე საცხოვრებელი სივრცე ყოფილა, მესამე სართულს კი საბრძოლო დანიშნულება ჰქონია. 

თამარის ციხიდან რამდენიმე კილომეტრში სურების ხეობა იწყება, რომელიც საინტერესო მარშრუტია ლაშქრობის მოყვარულებისთვის: აქედან საფეხმავლო ბილიკები გადადის იმერეთის სოფელ ყუმურში (20 კმ.), ზღვის დონიდან 2664 მეტრზე მდებარე ჯაჯის ტბაზე (55 კმ), საიდანაც ბილიკები მიემართება კურორტ საირმემდე, აბასთუმნამდე, იმერეთის, აჭარისა და სამცხის სხვადასხვა სოფლამდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა