KA

საირმე

ამ მხარეში სიმწვანეში ჩაფლული ტყეების თითოეული მცენარე თითქოს თავის საიდუმლოს გიყვება, გარშემო კი ფაუნის გასაოცარი და კეთილშობილი წარმომადგენლები, ირმები სახლობენ. ეს ერთი შეხედვით ზღაპრული გარემო სულაც არაა გამოგონილი, რადგან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი - საირმე მდებარეობს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:25 სთ
ბათუმი
3:20 სთ
ქუთაისი
1:20 სთ

ლეგენდა საირმის შესახებ

ისტორიულ წყაროებში საირმე XIX საუკუნიდან გვხვდება. ლეგენდის თანახმად კი, ძმები წითლად შეღებილი წყაროს წყლის კვალს გაჰყოლიან, რომელსაც ისინი დაჭრილ ირმამდე მიუყვანია. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტერიტორია ირემთა სიუხვით გამოირჩეოდა. სახელი „საირმეც“ ამ ადგილს სწორედ ამიტომ ეწოდა. 

საირმის უნიკალური თერმული წყლები

XIX საუკუნის 90-იან წლებში აქ მწყემსები უცნაურ მიწას წააწყდნენ. თურმე ის თოვლით არასდროს იფარებოდა და წვიმა რამდენიმე წამში შრებოდა. ადგილი „ჯადოსნურ მიწად“ მიიჩნიეს. მისი საიდუმლო მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში გამჟღავნდა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

საირმე სამკურნალო წყლების მრავალფეროვნებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კურორტია. აქ ამოედინება ერთი თერმული და 4 სხვადასხვა თვისების მქონე მინერალური წყალი, რომლებიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის: თირკმლის, ნაღვლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების. 

საირმის მთავარი ღირებულებაც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებია – თერმული აბანოები, სპა და გერმანული ტექნიკით აღჭურვილი ველნეს ცენტრი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სახის გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. 

საირმე როგორც უნიკალური კურორტი

კურორტი საირმე ერთ-ერთი უდიდესი ბალნეო-კლიმატური კურორტია ევროპასა და ამიერკავკასიაში, სადაც განთავსებულია ორი სასტუმრო - სასტუმრო საირმე და ახალი საირმე. 

კურორტი მდებარეობს ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე, საშუალო მთის სუბტროპიკულ ზონაში. საირმის ჭეშმარიტ სიმდიდრეს მინერალური წყლები წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება განსაზღვრული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ეფექტით, რაც დამტკიცებულია მრავალწულიანი კლინიკური გამოცდილებითა და მრავალჯერადი ლაბორატორიული კვლევებით.

კურორტი საირმე ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც 2021 წლიდან  ევროპის სპათა ასოციაციის (ESPA) წევრია. ESPA-ს წევრობა აძლევს კურორტს საშუალებას, გაიზიაროს ახალი, ევროპული გამოცდილება.

კურორტის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ფუნქციონირებს 24 საათიანი პოლიკლინიკა, რომელშიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები არიან დასაქმებულები და თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურად გაუწევენ შესაბამის რეკომენდაციას,  შეურჩევენ მინერალური წყლების მიღების კურსსა და სამკურნალო - გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

დამსვენებელს შეუძლია, ისარგებლოს მრავალფეროვანი სერვისებით:

წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, მინერალური წყლის აბაზანა, მინერალური წყლის აბაზანა ექსტრაქტით, ჰიდრო-ჭავლური („მარგალიტოვანი“) აბაზანა, აბაზანა ოზონირებული მინერალური წყლით, ზედა და ქვედა კიდურების ჰიდროჭავლური აბაზანა, ჰიდროკოლონოთერაპია მინერალური წყლით, ჰალოთერაპია, ტალახის აპლიკაციები, სხვადასხვა სახის მასაჟი, დიუბაჟი მინერალური წყლით, ინჰალაცია მინერალური წყლით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა