KA

ბღერის მღვიმე

ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს წყალტუბოში მდებარე ბღერის კარსტული მღვიმე დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მელოურის მიდამოებში, პრომეთეს მღვიმიდან 5840 მეტრში, ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. მღვიმის სიგრძე 1700 მეტრია, ფართობი კი - 14000 კვ.მ.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

როგორ მოხვდები ბღერის მღვიმეში

მღვიმის შესასვლელი ზღვის დონიდან 450 მეტრის სიმაღლეზეა, რისი გავლაც საკმაოდ რთულია და განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. ბღერის მღვიმე მდინარე ბღერისწყლის მიწისქვეშა გაგრძელებაა, სადაც გვალვების პერიოდშიც კი გაედინება მდინარე, რომელსაც მარჯვნიდან მელოურისა და დიდღელის მღვიმეებიდან შემოსული ნაკადი უერთდება. 

რას ნახავ ბღერის მღვიმეში

მღვიმეში 20-მეტრიანი ულამაზესი მიწისქვეშა ჩანჩქერი დაგხვდება, გამოქვაბულის გასასვლელთან კი ჩანჩქერზე თოკებით უნდა დაეშვა და შენ წინ მიწისქვეშა ტბების, სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების გასაოცარი ხედები გადაიშლება. 

აქ ასევე ნახავ კალციტის სვეტებს, კირქვის გიგანტურ ლოდებს, გრავიტაციულ ნაფენებსა და დაგროვებულ თიხას.

მღვიმეში შესვლა მხოლოდ ზაფხულში, ძლიერი გვალვების დროს არის შესაძლებელი, როცა წყლის ნაკადი საგრძნობლად იკლებს. თუ გაგიმართლებს და მღვიმეში მოხვდები, 200 მეტრის სიგრძის, 50 მეტრის სიგანისა და 25 მეტრის სიმაღლის დარბაზს ნახავ, რომლის ფსკერიც ჭერიდან მორღვეული ლოდებითაა მოფენილი. 

გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვეის აღება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისგან.

მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა