ციხესიმაგრის შესახებ ცნობები პირველად XI საუკუნეში გვხვდება. სომეხი ისტორიკოსის ვარდანის (XIII) ვერსიით, X საუკუნეში ის ანისის მეფემ გაგიკ I-მა ააგო, მაგრამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ნაგებობა უფრო ადრეა აშენებული, მეფე გაგიკმა კი აღადგინა. სწორედ ამიტომ ატარებს ციხე მის სახელს.
სავაჭრო მაგისტრალზე აგებული ციხე ომიანობის დროს მთავარ და პირველ დარტყმას თავის თავზე იღებდა და დედაქალაქ თბილისს სამხრეთიდან იცავდა.
თურქმენთა ჯარების სისტემატური შემოსევების გამო, XV საუკუნიდან ციხე დასუსტებულა და ის უკვე სხვა სახელითაც – აღჯაყალად [თეთრი ციხე - Aghjakala] მოიხსენიებოდა. ცვლილება შესამჩნევია მის ინტერიერშიც, რაც კედლების ღია ფერითა და განსხვავებული წყობითაა გამოხატული.
სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, თუმცა სანახაობა კვლავინდებურად დიდებულია.