ჭოროხის დელტა იწყება იქ, სადაც ბათუმის ბულვარი მთავრდება. აქედან ზღვის ნაპირით მდინარის შესართავთან მისვლა შეიძლება.
მანამდე რამდენიმე პატარა ტბა შეგხვდება. ლელიანით დაფარულ მათ ნაპირებს თუ გამოიკვლევ, უამრავ საინტერესო სახეობას, ყანჩებსა და ქათამურებს აღმოაჩენ. ყველაზე იღბლიანებმა შესაძლოა, ხონთქრის ქათამსაც მიაკვლიონ. ეს ლურჯი და წითელშუბლა ფრინველი საქართველოში აღარ ბუდობს და მისი ნახვა მხოლოდ მიგრაციისას შეიძლება.
ზღვის შესართავიდან დელტის თვალიერებისას ბევრ საინტერესო სახეობას შეხვდები, მაგრამ სრული წარმოდგენის შესაქმნელად მხოლოდ მდინარის შესართავის ნახვა არ კმარა. ბათუმიდან სარფის მიმართულებით უნდა გაემგზავრო, მდინარე ჭოროხის ხიდი გადაიარო და მარჯვნივ დაეშვა ფეხით ან მანქანით - ასე გამოიკვლევ არა მხოლოდ წყალსა და მის ნაპირებს, არამედ ხშირ ბუჩქნარსაც, რომელშიც უამრავი პატარა და დიდი ფრინველია.
ჭოროხის დელტას ნატურალისტმა, სულ მცირე, ერთი დღე მაინც უნდა დაუთმოს, ღამის გასათევი ადგილის დაჯავშნა კი სასტუმროებით მდიდარ ბათუმში პრობლემა არ არის.