1818 წელს ამ ქართულ მიწაზე სამხრეთ გერმანიიდან, კერძოდ ვიურტემბერგიდან (Württemberg) ჩამოსული შვაბები (Schwaben) დასახლდნენ, სახლები და ეკლესია ააშენეს, მეურნეობები განავითარეს, დასახლებას კი ვიურტემბერგის დედოფლის - ეკატერინეს პატივსაცემად კატერინენფელდი (Katharinenfeld) დაარქვეს.
ბოლნისში დღემდეა შემორჩენილი გერმანელების დაგებული ქვაფენილიანი ქუჩები, რამდენიმე საწარმო და ქვის საძირკველზე ფახვერკის (Fachwerk) ტექნიკით ნაგები ორსართულიანი სახლები ციცაბო სახურავებით, ხის აივნებითა და შუშაბანდებით.
სახლების კარკასის მასალა ძირითადად მუხაა, მის შესავსებად კი ქვებია გამოყენებული, განსხვავებით ევროპული ფახვერკებისგან, სადაც ხის კარკასს ნამჯაგარეული თიხით ავსებდნენ და შემდეგ თეთრად ღებავდნენ.
აქ სახლებს სქელი კედლები, მაღალი სხვენები, ღრმა სარდაფები და მარნები აქვს.
მაღალ სხვენებში სურსათ-სანოვაგეს ინახავდნენ, შაშხს ბოლავდნენ და ყველს აშრობდნენ, სხვენებს კი პატარა სარკმელს - ე.წ. სამერცხლე-სამტრედეს უკეთებდნენ, რათა ყველს მატლი არ გასჩენოდა.
სარდაფებს დიდ სიღრმეზე თხრიდნენ, რათა წლის ნებისმიერ სეზონზე ღვინის შესანახად საჭირო ტემპერატურა ყოფილიყო. ზოგიერთ სარდაფში დღესაც ინახება 200-წლოვანი ხის კასრები.
ამ დასახლებაში მოხვედრისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მართლაც ვიურტემბერგის რომელიღაც სოფელში იყავი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი სტალინმა სსრკ-ში მცხოვრები გერმანელები ხალხის მტრებად გამოაცხადა და მათი სასწრაფოდ გადასახლების ბრძანება გამოსცა. ასე დამთავრდა კატერინენფელდის ამბავი. გადასახლება მხოლოდ ადგილობრივებზე დაქორწინებულ გერმანელებს არ შეეხო და დღეს აქ მათი რამდენიმე შთამომავალია დარჩენილი.