KA
Giorgi and Davit Eristavi House-Museum

გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი

პატარა სოფელი ოძისი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, მჭადიჯვრის თემში მდებარეობს და ის მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული. სწორედ აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ XIX საუკუნის ცნობილი ქართველი დრამატურგი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე და ქართული თეატრის აღმაშენებელი, პირველი ქართული ჟურნალის ,,ცისკრისა“ და ქართული თეატრის დამაარსებელი, მსახიობი და მთარგმნელი გიორგი ერისთავი და მისი შვილი - ასევე ცნობილი ჟურნალისტი და მთარგმნელი დავით ერისთავი.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

ვინ იყვნენ გიორგი და დავით ერისთავების წინაპრები?

გიორგი ერისთავი ქსნის ერისთავთა შთამომავლობას ეკუთვნოდა. მის წინაპრებს ჯერ ქსნის საერისთავო რეზიდენციაში, სოფელ ახალგორში უცხოვრიათ, შემდეგ კი სოფელ ოძისში გადასახლებულან. ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958  წელს დაარსდა. ის XVIII საუკუნის  ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ სახლშია განთავსებული. 

ერისთავების სახლ-მუზეუმის არქიტექტურა

ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით ნაგები შენობა სამსართულიანია და მოჩუქურთმებული აივანი ამშვენებს. მარანი და პირველი სართული, სავარაუდოდ, XVI-XVII საუკუნეებში გიორგი ერისთავის მამის, დავით როსტომის ძე ერისთავის მიერ არის აგებული, მეორე და მესამე სართულები კი - XVIII-XIX  საუკუნეებში. მუზეუმს გარს ულამაზესი ეზო აკრავს. 

მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა