გობრონეთის საფეხმავლო მარშრუტის სიგრძე 12.5 კილომეტრია და ის ჩანჩქერს, კოლხური მცენარეებით დაფარულ ტყესა და ლატევრის მთის მიდამოებს მოიცავს. გზას სოფელ გობრონეთის ცენტრიდან ჩრდილოეთით უნდა გაუყვე. გზადაგზა შეხვდები აჭარისწყლის ხეობის მცენარეულობას, ტყეებს, გარეული ცხოველების ნაკვალევს, გაივლი აღმართებს და 6-კილომეტრიანი ბილიკის ბოლოში მაღალ ჩანჩქერთან აღმოჩნდები.
თავგადასავლები აქ არ სრულდება, გობრონეთის ჩანჩქერის მონახულების შემდეგ გზა ლატევრის მთისკენ წაგიყვანს. ეს გასაოცარი ადგილი აჭარული სტუმარმასპინძლობის ნამდვილი ნიმუშია. აქ გაეცნობი ადგილობრივ სამეურნეო ტრადიციებს, მოისმენ აჭარულ პოლიფონიურ სიმღერებს, გასინჯავ ეკოლოგიურად სუფთა რძის ნაწარმსა და წყაროს ცივ წყალს.
გობრონეთის ჩანჩქერის მონახულებისა და წრიული საფეხმავლო მარშრუტის გავლის გარდა, სოფელში სტუმრობა ადგილობრივი წეს-ჩვეულებების გასაცნობადაც ღირს. აქ შესაძლებლობა გექნება, მონაწილეობა მიიღო ყველის ამოყვანაში, თამბაქოს დაჭრასა თუ არყის გამოხდაში. სხვა თავგადასავლებისთვის კი ზურგჩანთა ჩაალაგე და აჭარის მაღალმთიანეთში დამალული კულტურული თუ ბუნების საგანძურის აღმოსაჩენად გზა გააგრძელე.