KA

გოგნის წმ. გიორგის ეკლესია

ლეგენდის თანახმად, სოფელ გოგნში მცხოვრებ დავრდომილ მოხუცს წმინდა გიორგიმ პატარა ჩიტის საშუალებით სალოცავის აშენების ადგილი მიანიშნა. სოფელმა სალოცავი ააგო და კარიც ჩამოჰკიდა, მაგრამ ყოველღამე კარი თავისით ვარდებოდა. ამის გამო, სალოცავს „კარუგდებელი“ უწოდეს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
თერჯოლა

გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ

ეს საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც კარი არ აქვს. ის არასდროს იკეტება და ადამიანებს სალოცავში შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

გოგნის წინდა გიორგის ეკლესია იმერეთში, თერჯოლიდან 12 კილომეტრში, ულამაზესი ურთხლის ტყეში, მაღალ გორაზე დგას. ეს პატარა ერთნავიანი სალოცავი VII-VIII საუკუნეებში ქვითკირითაა აშენებული. წელიწადში ორჯერ, გიორგობას, ამ ადგილს უამრავი მომლოცველი სტუმრობს და წმინდა გიორგის სურვილების ასრულებას სთხოვს.

წმინდა გიორგი საქართველოში გამორჩეული წმინდანია. მის სახელზე ქვეყანაში 365 ეკლესიაა აგებული. ქართველები გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 6 მაისს - წმინდანის დაბადების დღეს და 23 ნოემბერს - როცა ის ბორბალზე აწამეს. 

გადმოცემის თანახმად, ვინც ამ დღეებში ტაძარს სამჯერ შემოუვლის, ყველა სურვილი აუსრულდება. თუ გოგნის სალოცავს გიორგობას ეწვევით, თავად იხილავთ ტაძრისკენ მიმავალ ათასობით ადამიანს, რომელთა უმეტესობა გზას ფეხშიშველი მიუყვება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა