ასეთ შენობათა რიცხვს მიეკუთვნება ქალაქ გორის ადმინისტრაციული შენობაც, რომელიც ქალაქის ცენტრალურ, საკმაოდ დიდ მოედანზე 1952 წელს აშენდა, არქიტექტორების მ. შავიშვილისა (1894-1958) და ზ. ცქიტიშვილის პროექტით.
შენობა ლამის მთელ მოედანზეა გაშლილი, რაც არსებულ პერიმეტრზე მის ერთპიროვნულ დომინირებას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა სამსართულიანია, საფასადო დეკორის, გრძელი ფანჯრების სიმეტრიულობის, პორტიკის მაღალი კოლონებისა და ცენტრალური ნაწილიდან ამოზრდილი ნახევარსფეროს ფორმის მინის გუმბათის დამსახურებით ვიზუალურად უფრო მონუმენტური და მასშტაბური ჩანს.
პროექტის ავტორებმა ფასადზე ყველა დეტალი შესანიშნავი პროპორციებითა და კომპოზიციით შეუხამეს ერთმანეთს, ხოლო ლითონის კონსტრუქციულ ჩარჩოში ჩასმული მინის გუმბათის გამოყენებით კლასიკურისა და თანამედროვეს წარმატებული სინთეზის ნამდვილად კარგი მაგალითი შექმნეს.
დღეს შენობაში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტია განთავსებული ყველა თავისი უწყებით, დეპარტამენტითა და განყოფილებით.