KA
გორული მწვანე

გორული მწვანე

გორული მწვანე ქართლის, ძველი იბერიის ნომერ პირველ ღვინოდ არის აღიარებული. ამას მკვლევარი ისტორიკოსები, რა თქმა უნდა, თავისი გემოვნებით არ ადგენდნენ, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი შეიძლება საერთოდ არ მიირთმევდა ღვინოს – ეს ძველი წყაროებისა და სპეციალისტების შეფასებებზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნაა. აღნიშნული ჯიშის ყურძენი ძირითადად გორის მუნიციპალიტეტში მოჰყავთ და ყველაზე კარგი თვისებებით სწორედ აქაური (გორული) მწვანე ხასიათდება.

გეოგრაფიული გავრცელება და მრავალსახეობა

საქართველო გაცილებით მრავალფეროვანია თავისი კუთხეების კულტურითა და წეს-ჩვეულებებით, ვიდრე 69 700 კმ2 ფართობის მქონე პატარა ქვეყნის შესახებ შეიძლება წარმოიდგინო. ვაზის ეს ჯიში შედარებით მცირე ფართობებზეა გავრცელებული სხვა რეგიონებშიც და სახელებიც სხვადასხვა აქვს: ზემო იმერეთში ქვიშხურს უწოდებენ, შიდა ქართლში - სურამულას, რაჭაში - თბილურს.  

გორული მწვანის მტევანი საკმაოდ განიერი და კონუსური ფორმისაა, როგორც ამოტრიალებული პირამიდა. ნაყოფი იმდენად მსუყედ გამოიყურება, რომ მწიფობისას ერთი სული გიჩნდება, დაკრიფო და უძველესი ქართული წესით საგულდაგულოდ ჩაწურო ქვევრში. 

როდესაც ეს ვაზი მწიფობაში შედის, მტევანი მოყვითალო-მომწვანო შტრიხებს იღებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მზის სხივები დაანათებს. სწორედ ეს მომენტია, როდესაც ქართველებისთვის წმინდა რიტუალი – რთველი იწყება.

ღვინო – გორული მწვანე

თეთრი, მშრალი, ღია ჩალისფერი ღვინო - გორული მწვანე, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ენერგიით გამოირჩევა. სომელიეების განმარტებით, ეს ღვინო მანგოს, თეთრი მოცხარის, მინდვრის ყვავილებისა და მწვანე სანელებლების არომატებით ხასიათდება. 

მეცნიერები დაკვირვების შედეგად ადგენენ, რომ გორულ მწვანეს შენახვის კარგი უნარი აქვს და დროთა განმავლობაში არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მისი ტრანსპორტაბელობა – ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ტურისტისთვის, ვინც ქართლის ამ უნიკალური ღვინოს დაგემოვნების შემდეგ რამდენიმე ბოთლის სახლში ან მეგობრებისთვის წაღებას გადაწყვეტს – გორული მწვანე მგზავრობას საკმაოდ კარგად უძლებს. თუ გსურს დააგემოვნო გორული მწვანეს გემოვნური თვისებები, მოაწყვე ტური საქართველოში და აუცილებლად ესტუმრე გორს.

თრობის ხარისხი

გორული მწვანე ენერგიული ღვინოა და ზომიერად მიღების შემთხვევაში, ბახუსსაც ზომიერად მოგგვრის. 

მომჟავო გემო განსაკუთრებით ზაფხულში გესიამოვნება, თან კარგად ჩაცივებული გორული მწვანე გულგრილს არავის დატოვებს. ზომიერად მირთმევის შემთხვევაში ნაბახუსევისაც ნუ შეგეშინდება, საკმაოდ ადვილად მოსანელებელი ღვინოა. ყველაზე კარგი თვისება ის აქვს, რომ ყოველი დაგემოვნების შემდეგ კიდევ უფრო განდომებს თავს. 

გორული მწვანე და სამზარეულო

ღვინის ექსპერტები გვირჩევენ, რომ გორული მწვანის მირთმევა რეკომენდებულია ბოსტნეულის სალათებთან, თევზთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად. ეს ღვინო შესანიშნავად ერგება სეზონურ ხილსაც, მათ შორის ატამსა და ვაშლს.

ეს ღვინო ადგილობრივ ტრადიციულ კერძებთანაც გადასარევია, მათ შორის ხაჭაპურთან და ხორციან კერძებთან – როგორც მოხარშულთან, ისე მწვადთან.

ჩამოდი გორში, დააგემოვნე გორული მწვანე და შემდეგ უფრო ემოციური ექსკურსიები შეგიძლია მოაწყო. თან აუცილებლად დაიმგზავრე ორიოდე ბოთლი მაინც - მეგობრებიც რომ აზიარო ამ საოცარ სასმელს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა