ხევსურების წეს-ჩვეულებების დიდი ნაწილი პირაქეთა ხევსურეთის სოფელ გუდანშია „დაბადებული“. აქედან იღებს სათავეს ხევსურთა ჩაცმულობა, აღჭურვილობა, ადათობრივი სამართალი და დღეობები. სოფელში მდებარეობს ხევსურეთის უმნიშვნელოვანესი სალოცავი - გუდანის ჯვარი, რომელიც მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრი იყო. საუკუნეების განმავლობაში აქ განიხილავდნენ ძნელად მოსაგვარებელ საერო საქმეებს, მსჯელობდნენ სამართლის ნორმების დაცვასა თუ შეცვლაზე.
სოფელი გუდანი ქალაქ დუშეთიდან 75 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარეობს. გუდანიდან როშკამდე ერთ-ერთი ყველაზე მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი მარშრუტი გელის.
გუდანიდან 11-კილომეტრიანი სამანქანო გრუნტის გზით სოფელ უკანხადუმდე მიხვალ, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.
აქედან გზა ფეხით უნდა გააგრძელო. ბილიკი ნელ-ნელა რთულ კატეგორიაში გადადის. დაახლოებით 5 კმ-ში ტანიეს უღელტეხილზე ახვალ. ის კავკასიონის მთავარ ქედზე მდებარეობს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სალაშქრო ზონად მიიჩნევა. აქედან გასაოცარი პანორამაა პირაქეთა ხევსურეთსა და მდინარე ხევსურეთის არაგვზე.
ტანიეს უღელტეხილიდან გზას დასავლეთით ვაგრძელებთ და დაახლოებით 10 კმ-ის შემდეგ ბოგოვაჩოს უღელტეხილითან მიდის, საიდანაც საავტომობილო გრუნტის გზით სოფელ როშკამდე ჩახვალ.
სოფელი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.
ბოგოვაჩოს უღელტეხილიდან როშკამდე მიმავალი გზის დაფარვა ავტომობილითაა რეკომენდებული.
გუდანი - როშკას მარშრუტი რთული კატეგორიისაა და მისი გავლა გამოცდილ, სერტიფიცირებულ გიდთან ერთად არის რეკომენდებული.