KA
Gurjaani wine festival

გურჯაანის ღვინის ფესტივალი

თუ იცი, როგორია კარგი ღვინო და ახალ ემოციებსაც ეძებ, ღვინის სამშობლოში ღვინის ფესტივალზე უნდა ჩამოხვიდე - აქ „ღმერთების სასმელი“ გელოდება. გურჯაანში ღვინის ფესტივალი 2019 წლიდან ყოველ შემოდგომაზე, ოქტომბრის დასაწყისში იმართება.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
გურჯაანი

რას ნახავ ფესტივალზე?

ფესტივალზე თავის ღვინოებს წარმოადგენენ როგორც ღვინის კომპანიები, ისე საოჯახო მარნები. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს საქართველოში 500-ზე მეტი ჯიშის ყურძენი ხარობს, აქ არჩევანი საკმაოდ დიდია.

ახტალის პარკის ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული ექსპოზიციები ეწყობა, კულინარიული პავილიონები, სადაც შეგიძლია, თვალი ადევნო, როგორ კეთდება ყურძნის წვენისგან ქართული ტრადიციული ტკბილეული - ჩურჩხელა; როგორ ცხვება კახური შოთის პური; მიირთვა უგემრიელესი ქართული კერძები და ქართული ღვინო

აქ შეძლებ დააგემოვნო როგორც ტრადიციული ქართული მეთოდით - ქვევრში დაყენებული, ასევე ევროპული სტილით დაყენებული ღვინოები.

რატომ გურჯაანი?

მეღვინეობას საქართველოში 8000-წლიანი ისტორია აქვს. საქართველო ღვინის სამშობლოა, ამას საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი კულტურული ვაზის, ანუ მოვლილი ვაზის, პირველი ნაკვალევი, ნეოლითური ხანის ქვევრი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში ჩარჩენილი ღვინის მჟავა ადასტურებს - ეს უკანასკნელი იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ჭურჭელში ბევრჯერ იყო ღვინო ჩამოსხმული.

ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ ქართულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 

გურჯაანი კი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონის - კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 80-ზე მეტი ღვინის ქარხანაა, აქ მდებარეობს საქართველოში აღრიცხული საოჯახო მარნების დიდი ნაწილიც და აქ ასხამენ ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ცნობილ ღვინოებს: გურჯაანს, კარდანახს, ვაზისუბანს, ახაშენს, ახოებს, წარაფს, ზეგაანს და მუკუზანს, კოტეხს. 

ცნობისთვის: საქართველოში 29ადგილწარმოშობის ღვინოა დარეგისტრირებული, საიდანაც ნახევარზე მეტი კახეთში იწარმოება, აქედან 9 კი - გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემავალ მიკროზონებში. 

როგორც ხედავ, ღვინის დაყენება გურჯაანელთა მთავარი საქმიანობაა, ღვინის დაგემოვნება კი - ტურისტების საყვარელი პროცესი. ასე რომ, ეწვიე გურჯაანს და გურჯაანის ღვინის ფესტივალს.

თუ სურვილი გექნება, შემოდგომაზე ნებისმიერი გურჯაანელი სიამოვნებით მიგიპატიჟებს რთველში - დახუნძლული ვენახის ზვრებში, სადაც ყურძენს საკუთარი ხელით მოკრეფ და ღვინის დაწურვაშიც ჩაერთვები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა