KA

გურჯაანი

ალაზნის აუზში მოქცეული, დაბალი და საშუალომთიანი გურჯაანის მუნიციპალიტეტი სასიამოვნო სანახავია ნებისმიერი მნახველისთვის. თავგადასავლების მოყვარულებს ის სოფელ არაშენდის მახლობლად მდებარე ლაკბის წყალსაცავით იზიდავს. გურჯაანი ცნობილია ბუნებრივად მომდინარე მჟავე წყლებით, ფხოველის ტყის მდიდარი შემოგარენითა და ახტალით, სადაც უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე ტალახია. თუმცა გურჯაანი მხოლოდ ეს არ არის. 
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:40 სთ
ბათუმი
7:05 სთ
ქუთაისი
4:45 სთ

სად მდებარეობს გურჯაანი

ქალაქი გურჯაანი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ალაზნის ველის მიჯნაზეა გაშენებული. ქალაქი თბილისიდან 117 კმ-შია და კახეთის მხარის ცენტრში მდებარეობს. როგორც ამბობენ, გურჯაანი ზუსტად ასახავს მთელი კახეთის დიდებულებას თავისი ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და ღვინის მრავალფეროვნებით.

გურჯაანის ისტორია

გურჯაანის ტერიტორიაზე ადამიანები მანამდე ცხოვრობდნენ, სანამ მას ეს სახელი დაერქმეოდა. აქ აღმოჩენილია ქვის ხანის ადამიანის სადგომი, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის ნიმუშები და არქეოლოგიური მასალა. 

მათ გასაცნობად გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს უნდა ეწვიო, სადაც დაცულია ქვის, ადრინდელი და გვიანი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მასალები, ისტორიული დოკუმენტები, ფერწერული ტილოები და სხვა ექსპონატები.

რას ნახავ გურჯაანში

გურჯაანის მრავალსაუკუნოვანი კულტურული ძეგლებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია ყველაწმინდის ეკლესია, რომელიც შიგა სივრცით სამნავიანი ბაზილიკაა, გადახურვა კი გუმბათოვანი აქვს. ამასთანავე, მას ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც საქართველოს სხვა ტაძრებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს.  

ნახე X–XI საუკუნეების ვეჯინის ცხრასაყდრის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ამაღლების, აღდგომის, წმ. მარიამის ეკლესიებსა და სამრეკლოს მოიცავს.   

გურჯაანი გამოჩენილი ქართველების სამშობლოცაა. დღეს მათი ისტორიები ბევრისთვისაა საინტერესო. ნატო ვაჩნაძე, იოსებ ნონეშვილი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საოჯახო შტო - მათი სახლ-მუზეუმები და დიდების მემორიალური მუზეუმი გურჯაანში გელოდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა