შენობა ზუგდიდში მდებარეობს და XVII საუკუნეშია აგებული, XIX ს-ის 60-იან წლებში კი მას საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა, რასაც გერმანელი არქიტექტორი ხელმძღვანელობდა. მხოლოდ სასახლის აივნებისა და ჭერის გასაწყობად 5 ათასი ხელნაკეთი დეტალი და 50 ათასზე მეტი კოლხური ორნამენტი შეიქმნა, რომლებიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალს და ამ სასახლის დიასახლისს ეკატერინე დადიანს საოცარი გემოვნება ჰქონია, რაც ამ შენობის ყველა კუთხეში იგრძნობა.
1840 წელს სასახლის ირგვლივ ბოტანიკური ბაღი გაშენდა. დედოფლის მოწვევით ჩამოსულმა მებაღემ ბაღი ფრანგულ სტილზე დაგეგმა. აქ 67 ჰექტარზე უნიკალური მცენარეებია დარგული.
დედოფლის სასახლის გვერდით აშენებულია დადიანების ვაჟის - ნიკოს სასახლე, რომელსაც ულამაზესი სამეჯლისო დარბაზი აქვს.
ამჟამად დადიანებისეულ სასახლეში მუზეუმია გახსნილი, სადაც 44 475 ექსპონატი და სხვა ბევრი სიწმინდე ინახება, მათ შორის - ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 3 ეგზემპლარია.
ყოველ 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის კვართს სასახლიდან იქვე, დადიანების კარის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ამ სიწმინდის თაყვანსაცემად მართლმადიდებლები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.