KA
David Kldiashvili’s House Museum

დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი

სამხედრო ოფიცერი, ოსმალეთის ფრონტის მონაწილე, ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოს თანამშრომელი და უაღრესად ინტელიგენტი მწერალი, დრამატურგი, რომელიც საოცარი სიფაქიზით აღწერდა იმერეთის გაღარიბებული აზნაურების ცხოვრებას - ასეთია დავით კლდიაშვილი (1862-1931), ადამიანი, რომლის სახლ-მუზეუმიც იმერეთის პატარა სოფელ სიმონეთში გელოდება.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
თერჯოლა

რას ნახავ დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში?

მწერლის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 წელს ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა, ხოლო მოთხრობების პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა, რჩეული მოთხრობების ორტომეული კი - გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე. დავით კლდიაშვილის მოთხრობები თითქმის ყველა ქართული თეატრის სცენაზეა გაცოცხლებული და უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს როგორც ლოკალურად, ისე უცხოეთში.  

მწერლის სახლ-მუზეუმი სიმონეთში 1945 წელს გაიხსნა. ხეებით გარშემორტყმული, იმერული ხუთოთახიანი ოდა გორაკზე, 267 კვ.მ ეზოში დგას. აქ დაგხვდება დავით კლდიაშვილის ხელნაწერები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, ავეჯი, რომელსაც ის იყენებდა, ჭურჭელი, სამოსი და საწოლი. 

ქართველი მწერლის სახლი სიამოვნებით გიმასპინძლებს სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10 დან 17 საათამდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა