KA

დათვისჯვარი-ხახაბო-შატილი

თუ ხევსურეთს ესტუმრები, შენ წინ ალპური მდელოებით შემოსილი დაუვიწყარი სანახაობა გადაიშლება. ლაშქრობისთვის აქ ერთი დღე ნამდვილად არ გეყოფა, რადგან საქართველოს ამ ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი, ულამაზესი ბუნება და გამაოგნებელი ლეგენდები დაგხვდება.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
შატილი

დღე პირველი: დათვისჯვარი - ხახაბო

ხევსურეთში მოგზაურობის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი დათვისჯვარი - ხახაბოს  დამაკავშირებელი, 13 კილომეტრიანი გზის გავლაა.

ლაშქრობას დათვისჯვარის უღელტეხილიდან ვიწყებთ, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2677 მეტრ სიმაღლეზეა მდებარეობს და პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს უკავშირებს ერთმანეთს.

დათვისჯვარიდან ჯერ ადგილ წუბროვანში უნდა დაეშვა და შემდეგ ჭანჭახის უღელტეხილზე ამავალ გზას შეუყვე. უღელტეხილიდან ჭანჭახისწყლის ხეობაში შეძლებ დაშვებას, შემდეგ მას გაუყვები და ციხე-სოფელ ხახაბოსთან აღმოჩნდები. ციხე-სოფელ სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს და ღამის გათევას მათ საოჯახო სასტუმროში ან კარავში შეძლებ.

დღე მეორე: ხახაბო - არდოტი

ხახაბოდან შეგიძლია, მდინარე ანდაქის შესართავამდე ბილიკს გაუყვე და შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით აიღო გეზი. დაახლოებით, 8 კმ-ის დაშორებით ანდაქის ხეობაში ჩახვალ, სადაც ულამაზესი სოფელი არდოტი დაგხვდება და ღამეს კარავში ან საოჯახო სასტუმროში გაათევ.

დღე მესამე: არდოტი - მუცო - შატილი

არდოტიდან საფეხმავლო ბილიკი სამანქანო გზას უერთდება, რომელიც ციხე-სოფელ მუცოში მიდის. მუცო საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა საქართველოში ჩრდილოეთიდან შემოსაღწევ ბილიკებს.  

მუცოდან შატილისკენ გზად, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, ანატორის აკლდამებს ნახავ - XVIII საუკუნის ძეგლს ნაღვლიანი ლეგენდით: საუკუნეების წინათ ამ სოფელს მძიმე დაავადება მოსდებია. დასნეულებულები, სხვების დაცვის  და მათგან იზოლირების მიზნით, საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და სიცოცხლის ბოლო დღეებს იქ ატარებდნენ. მსგავსი თვითდამარხვის წესი ისტორიისთვის უცნობია. 

მდინარე არღუნიდან შატილამდე მთავარ სამანქანო გზაზე გააგრძელებ მოძრაობას, რომელიც მდინარე არღუნს მიუყვება. ულამაზეს შატილში კი მთაზე შეფენილი, X-XI საუკუნეების 60-მდე ციხე-კოშკი დაგხვდება - ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლი, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა